ახალგაზრდა მოთამაშეებზე კარგ გავლენას ახდენს - გიორგი ჭიაბრიშვილმა „დინამოს“ ახალ კაპიტანზე ისაუბრა #1TVSPORT
ახალგაზრდა მოთამაშეებზე კარგ გავლენას ახდენს - გიორგი ჭიაბრიშვილმა „დინამოს“ ახალ კაპიტანზე ისაუბრა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ახალი კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნების შესახებ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ თბილისელთა პრეს-სამსახურის ცნობით, გიორგი პაპავას წასვლის შემდეგ „დინამო თბილისს“ ახალი კაპიტანი ჰყავს, გამოცდილი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე. პირველი ვიცე-კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი იქნება, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი – რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული ჯიმი ტაბიძეა.

„დავით სხირტლაძე ლიდერული თვისებებით გამოირჩევა და ამასთან ერთად მას ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს. თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ახალგაზრდა მოთამაშეებზე სწორ გავლენას ახდენს. ჩემი აზრით მას აქვს ყველა თვისება, რაც „დინამოს“ კაპიტანს სჭირდება.

რაც შეეხება ანზორ მექვაბიშვილს, ის ჩვენი აკადემიის აღზრდილი მოთამაშეა და შეიძლება ითქვას, რომ „დინამოს“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტია. იგი გუნდში ვიცე-კაპიტნის სტატუსით დამხვდა და ვფიქრობ, რომ ის ამას სრულად იმსახურებს. მექვაბიშვილს ყველა ასაკობრივი გუნდი აქვს გამოვლილი და საკუთარი შრომით მიაღწია იმას, რაც დღეს აქვს. იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, ვთვლი, რომ ეს ყველაფერი სამაგალითოა.

მეორე ვიცე-კაპიტანი ჯიმი ტაბიძე იქნება, მან კარგად იცის ყველა ჩემი მოთხოვნა და სხირტლაძის მსგავსად მასაც დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ამასთან ერთად იგი ძალიან კარგი ადამიანია, კარგი კომუნიკაციის უნარი აქვს და გუნდის ლიდერობა შეუძლია. ვფიქრობ, რომ იგი თავისი ქცევით და პროფესიონალიზმით ჩვენს გუნდში სამაგალითოა“, – განაცხადა გია ჭიაბრიშვილმა.