თურქეთის დელეგაციამ ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
თურქეთის დელეგაციამ ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში ჩავიდნენ. თურქეთის დელეგაციამ მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმის ადგილები მოინახულეს და გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგეს.

კრაისტჩერჩის, ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებზე შეიარაღებულ თავდასხმას 15 მარტს 50 ადამიანი ემსხვერპლა.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, დაშავებულთა შორის სამი თურქია.

თავდასხმამდე ტერაქტის შემსრულებელმა ინტერნეტში ცეცხლსასროლი იარაღის ფოტოები გაავრცელა, სადაც მჭიდებსა და შაშხანებზე სხვადასხვა ენაზე შესრულებული წარწერები ჩანდა. წარწერებში ძირითადად, სხვადასხვა პერიოდში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლთა სახელები ფიგურირებს. მათ შორის შაშხანის ერთ-ერთ მჭიდზე დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია.

მომხდარის გამოძიება გრძელდება. პოლიციაში განაცხადეს, რომ თავდასხმის დროს მსხვერპლს ცეცხლი მხოლოდ ერთმა ადამიანმა, 28 წლის ბრენტონ ტარანტმა გაუხსნა. მასთან ერთად დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთი ქალი პოლიციამ გაათავისუფლა.