ახალ საფარზე ტრავმიანობა შემცირდება - სფფ-ის წარმომადგენლებმა განახლებული „მარაკანა“ მოინახულეს #1TVSPORT
ახალ საფარზე ტრავმიანობა შემცირდება - სფფ-ის წარმომადგენლებმა განახლებული „მარაკანა“ მოინახულეს #1TVSPORT

35-ე საფეხბურთო სკოლაში განახლებული „მარაკანას“ სტადიონის პრეზენტაცია გაიმართა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა (პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, პირველმა ვიცეპრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე პრეზიდენტმა კოკა ალადაშვილმა) სტადიონი 35-ე საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

„მარაკანას“ სტადიონზე ასევე იმყოფებოდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გრიგოლ ცაავა, ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„მარაკანას“ სტადიონისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სკოლას საჩუქრად გადასცა მინდვრის საფარი და უზრუნველყო მინდვრის მოწყობის სამუშაოები. ამას გარდა, მოეწყო განათება, შეიძინეს მინდვრის მოვლისთვის საჭირო ტექნიკა, ფორმები და საფეხბურთო ინვენტარი, რაც სკოლების კატეგორიზაციის პროექტის ფარგლებში, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

35-ე საფეხბურთო სკოლის დირექტორმა, გოჩა ავსაჯანიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდს გაწეული დახმარებისთვის.

„საფარი ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის დახმარებით დავაგეთ, გასახდელები და სათავსოები კი თავად მოვაწესრიგეთ. ახლა ბოლო თაობის ხალიჩა დავაგეთ, რომელიც ნამდვილი ბალახივითაა. სხვათა შორის, ახალი მეთოდი გამოვიყენეთ – ძველი საფარი არ აგვიღია, ახალი მასზე დავაგეთ და იმდენად ხარისხიანი საფარი გამოვიდა, დარწმუნებული ვარ, ეს ტრავმიანობას საგრძნობლად შეამცირებს. „მარაკანას“ განახლება სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა, მაგრამ სტადიონის განახლებას ისეთი რეზონანსი ჰქონდა, უკვე სკოლაში 100 ახალი ბავშვი მოვიდა, რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გოჩა ავსაჯანიშვილმა.