ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პნევმატური იარაღიდან სროლაში საქართველოს ნაკრების წევრი აკაკი მოსულიშვილი ფინალში გავიდა. ახალგაზრდებს შორის მოასპარეზე ტყვიის მსროლელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 574 ქულა დააგროვა, პირადი რეკორდი გააუმჯობესა და მეექვსე შედეგი დააფიქსირა. აქამდე მოსულიშვილის რეკორდი 572 ქულა იყო, რომელიც წელს საფრანგეთის „დიდ პრიზზე“ დაამყარა.
ფინალში ასევე შევიდნენ გერმანელი რობინ ვალტერი (581 ქულა), უკრაინელი იჰორ სოლოვეი (577), რუსი ანტონ არისტარკოვი (576), ბულგარელი კირილ კიროვი, ბელარუსი აბდულ-აზიზ კურდზი (575-575), რუსი ანდრეი ჩილიკოვი (573) და სომეხი ზავენ იგიტიანი (572).
ფინალი ოსიეკში დღესვე გაიმართება.
დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირად პირველობაში ახალგაზრდები გამოდიან. დღესვე ასპარეზობაში გოგონებიც ჩაებმებიან. საქართველოს სახელით სამი სპორტსმენი: ნინო ხუციბერიძე, ლიზი კილაძე და მარიამ ქობულაშვილი იასპარეზებს.