აკაკი ბობოხიძე - ვირუსის გავრცელებას კიდევ რაღაცამ შეუშალა ხელი, გარდა ღონისძიებებისა
აკაკი ბობოხიძე - ვირუსის გავრცელებას კიდევ რაღაცამ შეუშალა ხელი, გარდა ღონისძიებებისა

ჩვენ რომ კიდევ ერთხელ ჩავკეტოთ ქვეყანა, თავზე დაგვემხობა, ვერ გაუძლებს კიდევ ორთვიან და სამთვიან ჩაკეტვას, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგა.

კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერის ანგარიშის შეფასებისას აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მოქმედებები არ ყოფილა „კორონავირუსთან გამკლავების გზა“.

„ძალიან მიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ პრემიერი და პატრიოტების წარმომადგენელი ერთნაირად ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ ვიღაცამ 48 მილიონი მიითვისა. არა, ბატონებო, კარგად ჩახედეთ, რაზე მიუსაჯეს ბატონ უგულავას, მაგრამ თქვენ ასე გაწყობთ. ოღონდ საინტერესოა, რომ თქვენი ეს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

ახლა, რაც შეეხება დღევანდელი გამოსვლის შეფასებას. ბატონო გიორგი, მე სპეციალურად დაგისვით შეკითხვა, როცა გკითხეთ, რამდენი ხნით შეიძლება, გაუძლოს ქვეყანამ ჩაკეტვას, რადგან საქართველოს მოსახლეობაც გეთანხმებათ ნაწილობრივ, მინდა ვაღიარო, რომ თქვენ ძალიან ეფექტურად გაუმკლავდით კორონავირუსს. და ამე ვიტყოდი, რომ არა, ბატონებო, თქვენ რაც გაიარეთ, ეს არ იყო კორონავირუსთან გამკლავების გზა, ეს არ არის ის გზა, რომლითაც კორონავირუსს შეიძლება, გაუმკლავდეთ და რატომ, ახლავე აგიხსნით.

თქვენ ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ გამეცით, მაგრამ პრინციპში, პასუხი სწორი იყო და მე ის პასუხი მივიღე. თქვენ თქვით, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ აწი ჩაკეტვა არ დაგვჭირდეს. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ რომ აწი კიდევ ერთხელ ჩავკეტოთ ქვეყანა, ქვეყანა თავზე დაგვემხობა, რადგან ქვეყანა ვერ გაუძლებს კიდევ ერთხელ ორთვიან და სამთვიან ჩაკეტვას. ყველა იმ ადამიანს, რომელიც აღფრთოვანებული იყო ამ მეთოდებით, თუმცა მე ამ მეთოდებს არ უარვყოფ და მერე დავუბრუნდები ისევ, მინდა გითხრათ, რომ არა მარტო უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ვერ გაუძლებს კიდევ ორ და სამთვიან ჩაკეტვას, ვერ გავუძლებთ ვითომდა სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები, რადგან ხვალ არ გვექნება ბიუჯეტი და არ გექნებათ ხელფასი, არ იქნება პენსიები, თუ ჩვენ ქვეყანა გავაჩერეთ“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მისი თქმით, ამიტომ კორონავირუსთან ბრძოლის გზად ჩაკეტვის და ქვეყნის იზოლაციის გამოცხადება არ არის სწორი გზა.

„მაგრამ ის იყო საჭირო და ეფექტური, რისთვის? იმისთვის, რომ მოგესწროთ მომზადება. რისთვის მოგესწროთ მომზადება? როგორ უნდა ავამუშაოთ ქვეყანა კორონავირუსის პირობებში. მე ბატონ ამირანს ვხედავდი, მინდოდა მერე რაღაც მეთხოვა მისთვის, კარგი იქნებოდა ბოლომდე ყოფილიყო. ყველა ექიმი ამბობს, რომ ჩვენ მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ანუ ასე, თვითიზოლაციით შევზღუდოთ კორონავირუსის გავრცელება, გამორიცხულია, შეუძლებელია. ამიტომ, უნდა შევეგუოთ იმას, რომ ქვეყანა გაიხსნება და ქვეყნის გახსნასთან ერთად, დაიწყება გავრცელებაც. ოღონდ მნიშვნელობა აქვს, რა ტემპებით მოხდება გავრცელება; მნიშვნელობა აქვს, რამდენი ინფიცირებულის მიღებას შეეძლება ჩვენს სამედიცინო სფეროს; მნიშვნელობა აქვს, რამდენი მძიმე ავადმყოფის მოვლა შეგვიძლია. ამიტომ, ბატონო პრემიერო, თქვენ დღეს უნდა გელაპრაკათ იცით რაზე? რამდენად მოახერხეთ ამ ორ თვეში და მოემზადეთ გახსნისთვის, გახსნის პირობები უნდა დაგელაგებინათ თქვენ დღეს, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ გახსნილ პირობებში ისე, რომ არ მოხდეს გავრცელება. თორემ ეს გავრცელება ხვალ და ზეგ ისევ იქნება. მეტსაც გეტყვით, თქვენ ბრძანეთ, რომ უკეთესად მოემზადებით მეორე ტალღისთვის, ანუ თქვენ მეორე ტალღას განიხილავთ რაღაც შორეულ მომავალში. ერთ კვირაში რომ დაიწყოს ეს მეორე ტალღა? ჩვენ ხომ პირველი ეფექტური ღონისძიებები გავატარეთ, როგორც კი პირველივე ერთი კორონავირუსით დაავადებული გამოჩნდა. ახლა რომ ხვალ, ერთ კვირაში, ათ დღეში, ათი გამოჩნდეს, რას ვაკეთებთ? ისევ ვკეტავთ ქვეყანას? მე მთავრობასთან აღარ ვლაპარაკობ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რამდენი საკითხიც კი დავუსვი მთავრობას, პასუხს გვაძლევს ხოლმე ექიმები“, – განაცხადა ბობოხიძემ.

მან აღნიშნა, რომ ექიმების მეტად სჯერა, ამიტომ ამირან გამყრელიძეს ფრაქციასთან შეხვედრა შესთავაზა.

„ბატონ ამირანს მინდა ვთხოვო, უნდა ფრაქციაში მოვიდეს ჩვენთან, უნდა ჩვენ მივალთ მასთან, დახურულად ყოველგვარი ტელევიზიების და ყოველგვარი რაღაცა პოპულიზმის გარეშე, მართლა გვაინტერსებს, თუ დასაწყისში ჩვენ სახელმწიფოს შეეძლო 400 მძიმე ავადმყოფის მიღება, ახლა შეგვიძლია კიდევ ვთქვათ 1500 მაინც მივიღოთ? ანუ რამე ნაბიჯი გადაიდგა? ჩვენ გვაქვს თუ არა ვთქვათ ეკიპირება ექიმების ხანგრძლივ ვადაზე გათვლილი თუ აწი იწყებთ ამისთვის მომზადებას? ჩვენ პირბადეები სახლში სანამ ვიჯექით, ბუნებრივია, რომ არ გვჭირდებოდა, მაგრამ როგორც კი დაიწყება ამუშავება, ათასობით, ათი ათასობით ადამიანის ყოველდღიურად დასჭირდება პირბადეების გამოცვლა. არის კი ამის რესურსი? მე არ ვამბობ, რომ არ არის, ამ კითხვებზე მაინტერესებს პასუხი.

ჩვენ დიდხანს ვერ გავაგრძელებთ სკოლების დაკეტვას, რომ დაიწყებთ და გახსნით, ვერ გავაგრძელებთ დაკეტვას, ვერ დავკეტავთ უმაღლეს სასწავლებლებს. იმაშიც გეთანხმებით, რომ ჩვენი სოციალური ყოფა სხვანაირია, სხვადასხვა თაობის ხალხი ერთად ვცხოვრობთ, ერთ სახლში ვცხოვრობთ მოხუცებიც და ახალგაზრდებიც, რას აკეთებთ იმისთვის, რომ სკოლას როცა გახსნით, გავრცელების ტემპი იყოს შეზღუდული? ბატონი კახი კალაძე რომ ერთი კვირის წინ ამბობდა, მზად ვართ, გავხსნათ ტრანსპორტი, ოღონდ ველოდებით ვირუსოლოგების მითითებებსო. ვირუსოლოგების მითითებებს აწი კი არ უნდა ელოდებოდეს, ამდენ ხანს, ეს ორი თვე უნდა გამოეყენებინა იმისთვის, რომ მათთან კონსულტაციებით დაედგინა წესები, როგორ უნდა გახსნას ტრანსპორტი. და თუ ამისთვის მზად იყო, მაშინ რაღაც ელოდება, უკვე უნდა გაეხსნა. სინამდვილეში, ბატონი კახი კალაძის გამოთქმა, რომ ვირუსოლოგებს ელოდება, ჩემთვის იცით რას ნიშნავს? რომ ის მზად არ არის და უბრალოდ, პასუხისმგებლობა უნდა მათზე გადაიტანოს.

და მზად რომ არ ხართ და არც კი გიფიქრიათ ამაზე, ბატონო პრემიერო, იცით რა მეტყველებს? სამი დღის წინ ამბობდით, რომ ერთ მანქანაში სამ კაცზე მეტის ჩაჯდომას ისევ დატოვებდით, მაგრამ, მას შემდეგ, რაც პარლამენტში, თქვენ როგორც თქვით, შოუ და მასკარადი მოვაწყვეთ, თქვენ საბედნიეროდ გადადგით გონივრული ნაბიჯი და მანქანაში სამკაციანი შეზღუდვა არ არის.

თქვენ სპეციალური კანონი გაატანინეთ ბატონ დიმიტრის, რომ შეზღუდვების დატოვების იურიდიული უფლება გქონოდათ, დღეს გამოხვედით საბედნიეროდ და თქვით, რომ არა, ბატონებო, თვის ბოლოდან უკვე გაიხსნება თურმე საქალაქო ტრანსპორტიც. თან როგორ აპირებთ გახსნას, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ისევ იგივე ორ-ორი სკამი, ისევ იგივე მესამე რიგი, ისევ იქნება ავტობუსებში ჭყლეტვა თუ არ იქნება, ამის გაკონტროლებასაც არ აპირებთ. სწორს აკეთებთ? ჩემის აზრით, თქვენ წარმოიდგინეთ, სწორს აკეთებთ და იცით, თან რამ მოგცათ ამ სითამამის უფლება? აი სწორედ სეროპრევალენტურმა კვლევებმა, რომელსაც ძლივს გამოთქვამთ. იცით რატომ მოგცათ? სწორია, ამიტომ გეხვეწებოდით ამ კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე, ამიტომ ვლაპარაკობდით. თუ მარნეულშიც კი, 300 კაციდან ორზე მეტს არ აღმოაჩნდა ვირუსი, ეს ერთი მხრივ კარგია, მაგრამ სხვა დასკვნების საშუალებასაც იძლევა, რომ საბედნიეროდ გავრცელებას რაღაცამ ხელი შეუშალა. კიდევ რაღაცამ, გარდა ღონისძიებებისა, რადგან მარნეულის შიგნით ეს ღონისძიებები ისეთი მკაცრი არ იყო“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ბოლოს კი, აკაკი ბობოხიძემ პრემიერს დახმარების პროგრამებთან დაკავშირებით მიმართა.

„ერთი რამ მინდა, გთხოვოთ. 600 ათას კაცზე როცა გითხარით, კარგია, რომ თქვენც აღნიშნეთ, მე ასე კატეგორიულ ტონში არ ვლაპარაკობდი, ვთქვი, რომ იმ 600 ათას ე.წ. თვითდასაქმებულს მოიცავდა რომელიღაც პროექტები და თქვენ ჩამოთვალეთ, რა პროექტები მოიცავდა. თუმცა თქვით, რომ 160 ათასი კაცი გვრჩება და მერე ტერმინი იხმარეთ ასეთი – „დამერწმუნეთ, რომ იმათაც მივხედავთ“. ბატონო პრემიერო, მე მირჩევნია თქვენს ნდობას, მირჩევნია ვენდო გადაწყვეტილებებს და დოკუმენტებს, მით უმეტეს, რომ თქვენი ნდობის სამწუხაროდ არანაირი საფუძველი არ მაქვს“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.