აკაკი ბობოხიძე - სამშობლოს წინაშე ვალი უნდა მოვიხადო და მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, მხარს ნუ დაუჭერენ გახარიას პრემიერ-მინისტრობას
აკაკი ბობოხიძე - სამშობლოს წინაშე ვალი უნდა მოვიხადო და მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, მხარს ნუ დაუჭერენ გახარიას პრემიერ-მინისტრობას

გიორგი გახარიასთან კითხვები არა მაქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო, მან მე უკვე მიპასუხა 20 ივნისს, ბარბაროსული, შუა საუკუნეების მეთოდით, როდესაც მიმაყვანინა ხალხი მოლაპარაკებაზე და მომექცა ისე, როგორც მეფეები დაპატიჟებდნენ ადამიანებს ლაპარაკზე და მერე თვალებს თხრიდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ მთავრობის შემადგენლობასთან შეხვედრისას განაცხადა.

აკაკი ბობოხიძის თქმით, შექმნილია მითი, თითოს გიორგი გახარია ძლიერი ფიგურაა.

„მცდარია ეს მითი. არ არის ეს კაცი, მისი გარეგნობა, მისი სინდისი, მისი სიმაღლის გამო, მისი რეინჯერული მიხვრა-მოხვრების გამო იმიჯი იქმნება, შევაფასოთ ამ კაცის, როგორც პოლიტიკოსის მოქმედება, სად მოღვაწეობდა ეს კაცი. მისი პირველი გამოჩენა იყო ბიზნესომბუდსმენი, გვახსოვს, ვინმეს რამეთი დაგვამახსოვრა თავი? არაფრით. წლების მერე გაირკვა, რომ ერთ უკანონო, კრიმინალურ გარჩევაში, როგორც ჩვეულებრივი კრიმინალი, ისე მონაწილეობდა, თურმე. როცა აპატიმრებთ ქურდებს იმისთვის, რომ საქმეებს ურჩევენ ბიზნესმენებს, რატომ არ აპატიმრებთ ბატონ ბიძინას, როცა ის იბარებს ბიზნესმენებს და ურჩევს საქმეს.

ამის შემდეგ, ბატონი გახარია არის ეკონომიკის მინისტრი, ვინმეს საერთოდ გვახსოვს რაიმე იდეა ამ კაცისაგან? ან გვახსოვს რაიმე წარმატება იმ მოკლევადიან მინისტრობაში? არა. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი ხდება ეს კაცი და პირველად მითი, რომ აი, ეს კაცი სერიოზული კაცია, შეიქმნა ე.წ. ბასიანის ოპერაციის შემდეგ.

მართლაცდა, პირველად საქართველოს ისტორიაში ეყო მინისტრს გამბედაობა, მოეხადა ბოდიში და ეთქვა, რომ შეეშალა, მაგრამ ბატონ გახარიას მერე ეს შეცდომები ჩვევად ექცა. გამოაბუნძულეს სვანეთიდან. გაგახსენებთ პანკისის ხეობასაც, როდესაც ამბობს, ვერ ვფლობდით თურმე სიტუაციას, არ გვეგონა, რომ ხალხის წინააღმდეგი იყოო“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი, რითიც გამოიჩინა თავი გახარიამ, „მოახერხა და სამეგრელოში მსხვერპლით დაამთავრა თავის საქმიანობა“.

„მაშინ გამაგებინეთ, სად ჩანს ამ კაცის რამე სერიოზულობა. გაირკვა, რომ არაფერი თურმე მნიშვნელოვანი არ ხდება, გიორგი ხუხაშვილის მეზობელია, მხოლოდ აქედან მოხვდა თურმე ეს კაცი პოლიტიკაში და ნუ ქმნით ამ მითებს. ისე როგორც ნუ ქმნით მითებს ბიძინა ივანიშვილის დაუმარცხებლობისა. მიმაჩნია, რომ გიორგი გახარია არის დაზიანებული მანქანა და საქართველო რალიში მონაწილეობს დაზიანებული მანქანით, როდის აფეთქდება კაცმა არ იცის. რაც ეპატიებოდა რომელიმე სხვა მინისტრს, მაგალითად ვახტანგ გომელაურს, გახარიას აღარ ეპატიება, რადგან მას ერთხელ უკვე წითელი ხაზი დარღვეული აქვს. „ქართულ ოცნებას“, მათ გონიერება არ ეყოფა, მაგრამ მე ჩემი ვალი სამშობლოს წინაშე ვალი უნდა მოვიხადო და მოვუწოდო მას, ამ კაცს მხარს ნუ დაუჭერენ პრემიერ-მინისტრობაზე“, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

ამასთან, როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, „გახარია საოცარი გვარია, მაგრამ გიორგი გახარიას გამო შესაძლოა, საშინელი დამღის ქვეშ აღმოჩნდეს“.

„მე მყავს მეგობარი ორჯონიკეები და არის საოცარი ხალხი, მაგრამ სიტყვა ორჯონიკიძე ამ გვარისთვის იქცა დიდ ტვირთად, იქცა ღალატის სიმბოლოდ. არსებობენ ბერბიჭაშვილები, რომლებიც არიან ძალიან კარგი ადამიანები, მაგრამ ბერბიჭაშვილმა რაღაც მოქმედების სინონიმად აქცია გვარი. “როცა ბავშვებს ხვდება ტყვია, უხარია გახარიას”, – აი ამ ტექსტს დაივიწყებს საქართველოს მოსახლეობა, მალე თქვენ საერთოდ წახვალთ ქართული პოლიტიკური სარბიელიდან. გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს არ უნდა იმისთვის, რომ თავისი კეთილი საქმეებით რამენაირად საშინელი სიმღერა ჩამოირეცხოს და არ დაუტოვოს გვარს სამუდამოდ დამღად. პირიქით, მხოლოდ იმისთვის უნდა, რომ ზუსტად იმ გზით ატაროს, რა გზითაც სინამდვილეში ეს სიმღერა შეიქმნა. წყევლად დაუტოვებთ თქვენ თქვენს გვარს ამ სიმღერას. საოცარია გვარია, ოღონდ ეს საოცარი გვარი თქვენი მოქმედებით შეიძლება, საშინელი დამღის ქვეშ აღმოჩნდეს“,- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.