აკაკი ბობოხიძე - „ევროპულ საქართველოს“ არ უთქვამს, რომ ცუდია, ივანიშვილი რასაც წყალტუბოში აკეთებს, ცუდია, შვიდი წელი რომ დააკარგვინეთ ქვეყანას
აკაკი ბობოხიძე - „ევროპულ საქართველოს“ არ უთქვამს, რომ ცუდია, ივანიშვილი რასაც წყალტუბოში აკეთებს, ცუდია, შვიდი წელი რომ დააკარგვინეთ ქვეყანას

„ევროპულ საქართველოს“ არ უთქვამს, რომ ცუდია, ივანიშვილი რასაც წყალტუბოში აკეთებს, ცუდია, შვიდი წელი რომ დააკარგვინეთ ქვეყანას, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

აკაკი ბობოხიძის გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, უმრავლესობის წევრებმა მას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს, რის გამოც მას პარლამენტის თავმჯდომარემ დრო რამდენჯერმე დაუმატა.

აკაკი ბობოხიძემ გამოსვლა დაიწყო მეუფე იაკობის განცხადებებზე საუბრით, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკლესიის წინააღმდეგ შტურმს აბრალებს.

„ბატონებო, არ ვიცი, გონებრივი შესაძლებლობების ნაკლებობასთან გვაქვს საქმე თუ უბრალოდ, უტიფრობასთან. ერთადერთი მეუფე ლაპარაკობს ეკლესიაზე მიტანილი იერიშზე – მეუფე იაკობი და თქვენ გაბრალებთ ამ ყველაფერს, თქვენ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს.  ბატონი დიმიტრი რომ გამოდიოდა, გამიკვირდა, ასეთი მკაცრი ტონი ბიძინას მიმართ გაქვთ თუ რა ხდება, ვერ გავიგე, რადგან სხვას არავის ამ ქვეყანაზე ეკლესიის წინააღმდეგ შტურმს არ აბრალებენ, მხოლოდ გახარიას და ივანიშვილს“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ამასთან, მისი თქმით, რაც შეეხება წყალტუბოს თემას, უმრავლესობას არ მისცემს საშუალებას, რომ ყველა ერთნაირად შეაფასონ.

„ევროპულ საქართველოს“ არასოდეს უთქვამს, რომ ცუდია, რასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის, არასდროს არ მითქვამს, რომ ცუდია, როცა ერთ ლარად ან იაფად აპირებთ, გადასცეთ წყალტუბო. ასევე, ვაპირებდით და ძალიან ბევრჯერ ერთ ლარად გადაგვიცია სახელმწიფო ქონება ადამიანებისთვის, ვინც ინვესტიციას განახორციელებდა. პირადად ჩემი პრეტენზია თქვენი და ბიძინა ივანიშვილის მიმართ არის ის, რომ 2012 წელს რატომ გააჩერეთ წყალტუბოს განვითარების პროექტი, რომელიც შინაარსობრივად პრაქტიკულად იგივე იყო, მხოლოდ განხორციელების ფორმებია სხვადასხვა.

თუ მეტყვით, რომ სახელმწიფო ფულით კეთდებოდა და ახლა ბიძინა კერძო ფულით აკეთებს, გეტყვით, რომ უკვე ამოღებული ექნება ის ფული და აღარ ჩავუღრმავდები, რომელი უფრო სასარგებლო იქნებოდა, თუნდაც ფინანსურად ქვეყნისთვის“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ბობოხიძემ ჩამოთვალა პროექტები, რომლებიც, მისი თქმით, დაგვიანებით გაკეთდა.

„მე ახლა ჩამოგითვლით სხვა პროექტებს, რომლებიც დაწყებული იყო და თქვენ ასევე გააჩერეთ. წეღან რაც ვთქვი, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები აღქმის პრობლემა გაქვთ, მე არ მითქვამს, რომ ცუდია, ივანიშვილი რომ აკეთებს წყალტუბოს, ცუდია, შვიდი წელი რომ დააკარგვინეთ ქვეყანას. დღესაც არ არის დაწყებული კოპიტნარის აეროპორტის სატვირთო ტერმინალი, რომელიც სწორედ იმ რეგიონს სოფლის მეურნეობის პროდუქტებში უზარმაზარ გასასვლელს მისცემდა, სატვირთო ტერმინალი და არა სამგზავრო, რომელიც გაჩერებული გაქვთ ასევე. ასევე გაჩერებული გაქვთ დადიანისეული სასახლის აღდგენის პროექტი, გაჩერებული გაქვთ შემოვლითი რკინიგზა, გაჩერებული გაქვთ გვირაბი მესტიასა და ლენტეხს შორის, გაჩერებული გაქვთ ანაკლია, რომელიც აღიარეთ, რომ გასაკეთებელია, მაგრამ მესამე პრემიერმა, ორმა არააო თქვა. გარდა ამისა, ჩამოგითვლით, რომელიც გაიხსენეთ, გააგრძელეთ, მაგრამ დაგვიანებით. შვიდი წლის მერე გაგახსენდათ, რომ ვაშლიჯვრის პანდუსი გასაკეთებელი იყო, შვიდი წლის მერე აღიარეთ, რომ და „ვეფხი და მოყმესთან“ ხიდი გასაკეთებელია, შვიდი წლის მერე დაიწყეთ კობი-გუდაურის გვირაბის მშენებლობა, სამი წლის მერე დაიწყეთ აღმაშენებლის რეაბილიტაცია.

და ეს ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, ერთ რამეს ადასტურებს, თქვენ წინა ხელისუფლების ჯინაზე გააჩერეთ მნიშვნელოვანი პროექტები და მნიშვნელოვანი რომ იყო ეს პროექტები, თუნდაც ის ადასტურებს, რომ შვიდი წლის მერე დავბრუნდით იგივე პროექტებს. მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია, პრობლემა ის არის, რომ დრო დააკარგვინეთ ქვეყანას და პრობლემა ის არის, რომ თქვენით ერთი პროექტი ვერ მოიფიქრეთ, ისევ ძველებს უბრუნდებით. ამიტომ, საქართველოს მოსახლეობას მე ვეუბნები – ესენი ვერასდროს მიხვდებიან, რა არის გასაკეთებელი და რა არა, თქვენ, საქართველოს მოსახლეობა, უნდა მიხვდეს კარგად, აქვს თუ არა დასაკარგი ამ ქვეყანას შვიდი და 10 წელი. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ტრიალებს და ბოლოს ბრუნდება მხოლოდ იმ პროექტით, რომელიც დაწყებულია წინა ხელისუფლების მიერ. ამ ხელისუფლებას ფულის შოვნის გარდა არაფერი სიახლის, ინოვაციის უნარი არ აქვს. ეს არის ძალა, ეს არის ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად უნდა დამთავრდეს, თუ ამ ქვეყანას უნდა წინსვლა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

დატოვე კომენტარი