აკაკი ასათიანი - პროპორციული არჩევნების მთელი არსი სწორედ ნულოვან ბარიერშია
აკაკი ასათიანი - პროპორციული არჩევნების მთელი არსი სწორედ ნულოვან ბარიერშია

პროპორციული არჩევნების მთელი არსი სწორედ ნულოვან ბარიერშია, – ამის შესახებ „ტრადიციონალისტთა კავშირის“ თავმჯდომარემ, აკაკი ასათიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუ ბარიერია, მაშინ ისევ იმ თამაშს ვუბრუნდებით. კი, ნაკლები პროცენტებით, ვთქვათ, 10-15 მანდატს გადაინაწილებენ, მაგრამ მაინც ისევ ორი ვეშაპი ინაწილებს და ეს ვეშაპების დრო კიდევ, მთავრდება. ჩვენ ახლა, ვეშაპებზე მონადირეები გახლავართ“, – განაცხადა აკაკი ასათიანმა.

მისი თქმით, პროპორციული სისტემა, ნულოვანი ბარიერით ქვეყნისთვის არის შანსი, რადგან საქართველო საბედნიეროდ, მრავალფეროვანი ქვეყანაა და ამ სისტემით ხალხს ექნება საშუალება, თავისი წარმოდგენები პარლამენტში ასახოს, რაც აქამდე არ ხდებოდა.

„პროპორციული არჩევნები საშუალებას გვაძლევს, სიახლე შემოვიდეს, აზრთა გაზიარება იყოს და თუ პარლამენტში ვიღაც ბევრი ვიქნებით, ვიღაც კი ცოტა, პასუხისმგებლობა ყველამ ერთად იკისროს, თუ მკერდში მჯიღებს ყველა ერთად ვირტყამთ. ამით ხალხს უფართოვდება არჩევანი, რომელიც ახლა, დავიწროებულია. საქართველო მართლა ევროპული ქვეყანაა. ისე კი არ არის, რომ ლაპარაკობენ, აი, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა? ისინი ახლა გადიან იმ ეტაპებს, რაც ჩვენ საბედნიეროდ, მოვლილი გვაქვს და მათ ღმერთმა აშოროთ სამოქალაქო ომის ტიპის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ მათ ვასწრებთ და ეს არის ფაქტი. ისტორიულადაც ასე იყო. მიუხედავად სიშორისა, ჩვენი საზოგადოება გაცილებით ევროპული ტიპისაა, ვიდრე ყოფილი საბჭოეთის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნების საზოგადოებები და თუნდაც, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა“, – განაცხადა აკაკი ასათიანმა.

როგორც ასათიანმა აღნიშნა, ალბათ, გადაწყდება, დაიშვება თუ არა ბლოკები, მაგრამ სჯობს, სტარტი ასეთი იყოს, ანუ ვინც რას შეძლებს დამოუკიდებლად.

„ტრადიციონალისტთა კავშირის“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების პირობებში 51% არც ერთ პარტიას არ ექნება, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა.

„უფრო სწორად, ყოფილა, მაგრამ სხვადასხვა მანიპულაციებით და მაქინაციებით“, – განაცხადა აკაკი ასათიანმა.

მისივე თქმით, ახალი ინიციატივა პარლამენტის მხარდაჭერას აუცილებლად მიიღებს.

„თუ ამას „ოცნება“ არ მისცემს ხმას, მაჟორიტარებმა მიმტყუნესო, ეს ქარიშხალს გამოიწვევს და ასეთი არგუმენტი არ მიიღება, რადგან გარკვეული გარემოებების გამო, თითო-ოროლა კაცის გარდა, ეს ის ხალხი არ არის, ვინც ივანიშვილს წინააღმდეგობას გაუწევს. „ნაციონალები“ არ მისცემენ ხმას და საკუთარი თავის ლუსტრაციას მოახდენენ. გარწმუნებთ, 113 ხმა, აი, ახლაც რომ შევხედოთ, თავისუფლად გროვდება“, – განაცხადა აკაკი ასათიანმა.

აკაკი ასათიანმა ასევე განაცხადა, რომ საბედნიეროდ, საქართველოს პირველი არხი ცოცხლდება, რაც კარგია.

„მადლობელი ვარ ამ საშუალებით, რომ ეთერი დამითმეთ და საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ საბედნიეროდ, პირველი არხი ცოცხლდება, რაც კარგია. ჩემი ოცნება იყო სულ, რომ აქ „ბიბისი“ ყოფილიყო, სერიოზული სახელმწიფო ტელევიზია. დანარჩენებს, კერძო ტელევიზიებს, რაც გაუხარდებათ, ის უნდა აკეთონ“, – განაცხადა აკაკი ასათიანმა.