აკაკი ალადაშვილი -  სატრანსფერო საკითხებთან დაკავშირებით უამრავი კითხვაა
აკაკი ალადაშვილი -  სატრანსფერო საკითხებთან დაკავშირებით უამრავი კითხვაა

„ფიფას“ რეგულაციები ფეხბურთელის სტატუსსა და ტრანსფერზე, განსაკუთრებით კი სოლიდარობის გადასახადებისა და წვრთნის კომპენსაციის მექანიზმები, ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების მეტად მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენენ” – ეს სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალადაშვილმა TMS-ის ერთდღიან სემინარზე განაცხადა.

ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის გარდა, ესწრებოდნენ „ფიფას“ TMS-ის ჯგუფის წევრები – ლიდერი, სილვია კოსტა სალვა, იურისტი, ბერნარდ უებერი და გადამზადებისა და დახმარების კოორდინატორი, დანა ბუტიკერი. „ფიფას“ TMS მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ფეხბურთელების ტრანსფერებისა და რეგისტრაციის სისტემაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ სისტემის საქართველოში დანერგვაზე აქტიურად მუშაობს.

აკაკი ალადაშვილის თქმით, ეს სემინარი მნიშვნელოვანი მოვლენაა: „მიგვაჩნია, რომ ფიფას წარმამადგენელთა ეს ვიზიტი საინტერესო იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩართულია ამ სემინარებში. სატრანსფერო სისტემა საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს თანამედროვე ფეხბურთში. არსებობს უამრავი კითხვა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა სატრანსფერო გადასახადები, წვრთნის კომპენსაცია, ასევე მცირეწლოვანთა და მოყვარულ ფეხბურთელთა ტრანსფერები. საქართველოში ჩვენ ვნერგავთ TMS-ის ეროვნულ სისტემას. შესაბამისად, ამ სფეროში ექსპერტებთან ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლა და გაზიარება საინტერესოა”.

„ფიფას“ ჯგუფის წევრებმა ქართული გუნდების წარმომდგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ფეხბურთელის სტატუსსა და ტრანსფერზე, განსაკუთრებით კი სოლიდარობის გადასახადებისა და წვრთნის კომპენსაციის მექანიზმებზე.