აკა მეტრეველი - მომავალ წელს ექვს რეგიონში ევროპული სტანდარტის საჩოგბურთო მოედნები აშენდება
აკა მეტრეველი - მომავალ წელს ექვს რეგიონში ევროპული სტანდარტის საჩოგბურთო მოედნები აშენდება

„ნიჭიერი ბავშვები საკმარისად არიან, უბრალოდ, მათ მეტი მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ, მათ შორის კარგი ინფრასტრუქტურა და ფული“, – განაცხადა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკა მეტრეველმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში„ სტუმრობისას.

მისი თქმით, ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია დაგეგმილი, მათ შორის საქართველოს რეგიონებში ევროპული სტრანდარტების საჩოგბურთო მოედნების მშენებლობა.

„წინსვლა საკმაოდ დიდი გვაქვს – შევთანხმდით მთავრობასთან და ექვს რეგიონში მომავალი წლიდან დაგეგმილია ევროპული სტანდარტის საჩოგბურთო კორტების მშენებლობა. გარდა ამისა, წელიწადში ორჯერ გვაქვს მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადების პროგრამები და, ესეც რომ არა, მე არ ვიტყოდი, რომ მწვრთნელების პრობლემა გვაქვს. გარკვეული შედეგი, რაც არსებობს, ეს სწორედ ჩვენი მწვრთნელების დამსახურებაა“, – აცხადებს აკა მეტრეველი.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე გასული წელი შეაჯამა და მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა.

„გასულ წელს ჩვენი საუკეთესო ჩოგბურთელი, რა თქმა უნდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი იყო, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-16 პოზიციამდე ავიდა, რაც დამოუკიდებელი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. 2020 წელს, დარწმუნებული ვარ, უფრო გაგვახარებს. ახლა მთელი ჩვენი გუნდი ყატარში იმყოფება და ხვალ გუნდის კაპიტანი და ბასილაშვილი უკვე ავსტრალიაში მიფრინავენ, სადაც ჩვენი ნაკრები გამოვა და გულშემატკივრობაც მოგვიწევს. 2020 წელს ნიკოლოზი ყველა დიდ ტურნირზე გამოვა. რაც შეეხება ბოლო დღეებში ჩაწყობილი თამაშების შესახებ გავრცელებულ ცნობას, ამას სერიოზულად არ ვუყურებ, რადგან ეს უბრალოდ რომელიღაც ევროპული გაზეთის ინფორმაცია იყო და ამაზე შორს საუბარი არ წასულა. გარდა ამისა, იქ ბასილაშვილი საერთოდ არ იყო ნახსენები, ამიტომ ამაზე საუბარი არასერიოზული მგონია.

მარიამ ბოლქვაძემაც ძალიან გვასახელა. მართალი გითხრათ, ამას ველოდით კიდეც, იმიტომ რომ ძალიან შრომისმოყვარე გოგონაა და ეს აუცილებლად ასე უნდა მომხდარიყო. მომავალ წელს მისგან გაცილებით მეტს ველით, როდესაც საქართველოს ქალთა ნაკრები ფედერაციის თასზე გამოვა. ჩვენ ეს ტურნირი თებერვლის დასაწყისში გვაქვს დაგეგმილი, როდესაც ფინეთში ვითამაშებთ. გუნდი უკვე ჩამოყალიბებულია და მარიამი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იმედი იქნება. ვფიქრობ, წელს მეორე ლიგის მოსაგებად მივფრინავთ“, – განაცხადა მეტრეველმა.

დატოვე კომენტარი