„აიაქსმა“ ნურის კონტრაქტი გაუწყვიტა, ფეხბურთელის ოჯახი კი 15 მილიონს ითხოვს
„აიაქსმა“ ნურის კონტრაქტი გაუწყვიტა, ფეხბურთელის ოჯახი კი 15 მილიონს ითხოვს

ამსტერდამის „აიაქსმა“ კონტრაქტი გაუწყვიტა მაროკოელ ნახევარმცველს აბდელჰაკ ნურის. 2017 წლის ივლისში ფეხბურთელმა მატჩის დროს გონება დაკარგა და კომაში ჩავარდა. ექიმებმა მას ტვინის შეუქცევადი დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს.

გაზეთმა De Telegraaf-მა დააზუსტა, რომ ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, რადგან ნურის ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი 1 ივლისიდან კონტრაქტის ავტომატურად გაგრძელების შესახებ, რაც გუნდის სურვილს ეწინააღმდეგებოდა. ტრავმის მიღების მომენტიდან დღემდე, კლუბი ყოველთვიურად უხდიდა ფეხბურთელს ხელფასს და ამას კიდევ სამი თვე გააკეთებს.

ახლა, „აიაქსი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს ნურის ოჯახთან და მათ იურისტთან, რათა განსაზღვროს მომავალი მხარდაჭერის დეტალები.

ნიდერლანდელი ჟურნალისტი ვალენტინ დრისენი წერს, რომ ნურის ოჯახი ითხოვს იმ ხუთ მილიონზე მეტს, რომელსაც მათ „აიაქსი“ სთავაზობს, რადგან კლუბმა აღიარა, რომ ფეხბურთელს მინდორზე გულის შეტევის შემდეგ, არასაკმარისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

ვებგვერდმა Morocco World News-მა დაამატა, რომ ნურის ოჯახი გუნდის ხელმძღვანელობისგან ითხოვს 15 მილიონ ევროს.

22 წლის ნური კომიდან 2018 წლის აგვისტოში გამოვიდა, 2020 წლის მარტში კი მისმა ნათესავებმა  ფეხბურთელის მკურნალობაში პროგრესი დაადასტურეს.

ნური „აიაქსის“ აღზრდილია. მას პირველ გუნდში ცხრა მატჩი აქვს ჩატარებული, ასევე გამოძახებული იყო ნიდერლანდების 19-წლამდელთა ნაკრებში.