„აიაქსმა” მიქაუტაძის იჯარა დაადასტურა - „მეცს“ ქართველის ტრანსფერის გამოსყიდვას 10 მილიონ ევროდ სთავაზობენ #1TVSPORT
„აიაქსმა” მიქაუტაძის იჯარა დაადასტურა - „მეცს“ ქართველის ტრანსფერის გამოსყიდვას 10 მილიონ ევროდ სთავაზობენ #1TVSPORT

„აიაქსი“ 9 იანვარს ესპანეთის ქალაქ კადისში შეკრებაზე გაემგზავრება, მაგრამ ამსტერდამელებთან ერთად არ იქნება გიორგი მიქაუტაძე, რადგან ის კლუბმა „მეცში“ ექვსთვიანი იჯარით დააბრუნა – ინფორმაცია ოფიციალურად თავად „აიაქსმა“ დაადასტურა, უფრო დეტალური ცნობები კი ნიდერლანდურმა გამოცემა Voetbal International-მა გაავრცელა.

„თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მომდევნო ექვსი თვე იჯარით „მეცში“ ითამაშებს. ფრანგული კლუბი მოლაპარაკებებს დეკემბრიდან აწარმოებდა. „აიაქსში“ იჯარის ფასს არ აკონკრეტებენ, მაგრამ ამბობენ, რომ „მეცს“ შეუძლია თავდამსხმელის ტრანსფერი 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდოს. მიქაუტაძე ფრანგულ კლუბში ერთი წელი თამაშობდა, გასულ ზაფხულს კი 16 მილიონ ევროდ „აიაქსში“ გადაბარგდა.

23 წლის მიქაუტაძემ ბოლო თვეებში „იოჰან კრუიფ არენაზე“ შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ოქტომბრის ბოლოს „აიაქსის“ მწვრთნელად ჯონ ვან ტ’სხიპის მისვლის შემდეგ, თავდამსხმელმა მხოლოდ რამდენიმე სათამაშო წუთი მიიღო. სულ, ქართველმა ფეხბურთელმა ამსტერდამელთა რიგებში ცხრა მატჩი ჩაატარა. „მეცი“ მიქაუტაძისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო. ამ სეზონის დასაწყისში მან უკვე ჩაატარა ორი მატჩი საფრანგეთის ლიგა 1-ში, ფეხბურთელს კი სეზონზე მაქსიმუმ ორ კლუბში თამაშის უფლება აქვს.

მიქაუტაძე „მეცში“ უახლოეს დღეებში დაბრუნდება. ფრანგულმა კლუბმა, რომელიც გასულ სეზონში ლიგა 1-ში დაწინაურდა, ქართველი სეზონის ბოლომდე დაიმატა“, – წერს Voetbal International.