„აიაქსმა“ ისევ მოიგო - მიქაუტაძე კვლავ სათადარიგოებში დატოვეს #1TVSPORT
„აიაქსმა“ ისევ მოიგო - მიქაუტაძე კვლავ სათადარიგოებში დატოვეს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „აიაქსმა“ კრიზისი დაძლია და ნიდერლანდების ჩემპიონატში ისევ გაიმარჯვა – ამსტერდამელებმა ამჯერად გასვლაზე „ვალვაიკი“ 3:2 დაამარცხეს.

ერედივიზიონის მეშვიდე ტურის გადადებულ მატჩში ამსტერდამელების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან სხიპმა ქართველი თავდამსხმელი კვლავ სათადარიგოებში დატოვა. თავი კი მიქაუტაძის კონკურენტებმა გამოიჩინეს.

30-ე წუთზე ანგარიში ბრობმა გახსნა. მასპინძლებმა შვიდ წუთში კრამერის გოლით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ შესვენებამდე (43) ბერგვაინმა „აიაქსი“ ისევ დააწინაურა. „ვალვაიკმა“ 51-ე წუთზე უკილის გოლით თამაშის გადარჩენის იმედი დაიბრუნა, მაგრამ 57-ე წუთზე ბერგჰუისმა მასპინძელთა კარი მესამედაც აიღო და სტუმრებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა – 2:3.

„აიაქსმა“, რომელიც მწვრთნელად ჯონ ვან სხიპის მოსვლამდე ბოლო ადგილზე იყო, 14 ტურის შემდეგ 21 ქულა დააგროვა, მეექვსე ადგლზე დაწინაურდა და ლიდერთა სამეულთან ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა.