ამსტერდამის „აიაქსის“ სტადიონზე გუნდის ყოფილი ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის, იოჰან კრუიფის ახალი ქანდაკება დადგეს.
ქანდაკების გახსნა მიეძღვნა ლეგენდარული ფეხბურთელის 78-ე დაბადების დღეს, რომელიც 25 აპრილს იყო.
ბრინჯაოში შესრულებული სკულპტურა განთავსებულია სამეფო ლოჟაში. კრუიფი გამოსახულია მუშაობის პროცესში – ის მინდორს უყურებს და ხელით მითითებას იძლევა.
„ბრინჯაოს ქანდაკება კრუიფის ხედვის, მისი საქმისადმი ერთგულებისა და ფეხბურთში უდიდესი წვლილის მუდმივი შეხსენება იქნება“, – წერია „აიაქსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
იოჰან კრუიფი 2016 წლის 24 მარტს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. 2018-19 წლების სეზონიდან „აიაქსის“ სტადიონი მის სახელს ატარებს – „იოჰან კრუიფ არენა“.