აიაქსის მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინოს უპასუხა
აიაქსის მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინოს უპასუხა

აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ტოტენჰემის დამრიგებელ მაურისიო პოჩეტინოს უპასუხა და კატეგორიულად უარყო მოსაზრება, თითქოს ჰოლანდიური გრანდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში უსამართლო უპირატესობით სარგებლობს.

პირველი მატჩი დღეს, 30 აპრილს, ლონდონში გაიმართება და მასპინძლები რამდენიმე ტრავმირებული წამყვანი ფეხბურთელის გარეშე იქნებიან. დაშავებულებს შორის არიან ჰარი კეინი და სონი.

პოჩეტინო მიიჩნევს, რომ უკვე ეს ფაქტი აძლევს მეტოქეს უპირატესობას და გარდა ამისა, აიაქსი რომ უკეთ მომზადებულიყო, ჰოლანდიაში ერედივიზიონის მთელი ერთი ტური გადადეს.

ერიკ ტენ ჰაგს ეს განცხადება უპასუხოდ არ დაუტოვებია და პოჩეტინოს ის უპირატესობები შეახსენა, რომლითაც მისი გუნდი სარგებლობს.

„ჩვენ 10 მილიონ ევროს გვიხდიან ერედივიზიონში თამაშისთვის და ტოტენჰემი პრემიერლიგაში გაცილებით მეტ მილიონს იღებს. განა ეს უსამართლობა არ არის?“ – განაცხადა 49 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, – „განსხვავებული გარემოებები არსებობს და ყველა ერთნაირ სიტუაციაში ვერ იქნება. ჩვენ ამას შეგუებულები ვართ“.

მატჩი ტოტენჰემსა და აიაქსს შორის დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.