„აიაქსის“ მწვრთნელი - კვარაცხელია ძალიან კარგია, მაგრამ მას გუნდურ დაცვას დავუპირისპირებთ #1TVSPORT
„აიაქსის“ მწვრთნელი - კვარაცხელია ძალიან კარგია, მაგრამ მას გუნდურ დაცვას დავუპირისპირებთ #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ამსტერდამის „იოჰან კრუიფი არენაზე“ „აიაქსს“ ესტუმრება. ნიდერლანდური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ალფრედ შრიოდერმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მოახლოებულ თამაშზე და ქართველ ფეხბურთელზე გააკეთა კომენტარი.

„საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა ვიყოთ. შეგვიძლია კარგად ვითამაშოთ, მაგრამ ეს მეტოქეზეც არის დამოკიდებული. იტალიური გუნდი კი შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ველოდები, რომ სანახაობრივი მატჩი იქნება.

იქნებიან თუ არა მოთამაშეები მოტივირებულები? ჩვენ „ნაპოლის“ ვეთამაშებით, რომელიც დღეს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. მოგვიწევს გუნდურად, კომბინაციურად თამაში, გამბედაობაც დაგვჭირდება, რომ შევუტიოთ, გავრისკოთ, ამაში კი მეკარეც უნდა დაგვეხმაროს. „ნაპოლის“ წელს ჯერ არ წაუგია, ნამდვილად ძლიერი გუნდია და ამიტომ მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული მატჩი იქნება.

არის თუ არა „ნაპოლი“ შემტევი ფეხბურთის გამო ყველაზე ნაკლებად იტალიური გუნდი? თუ ლიგას დააკვირდებით, ნახავთ უამრავ შემტევ გუნდს, ასევე ნახავთ, რომ „მილანი“ და „ნაპოლი“ შეტევაში კარგად გამოიყურებიან.

არის თუ არა „ნაპოლიში“ კვარაცხელია ყველაზე საშიში ფეხბურთელი? დიახ, ის ძალიან ძლიერია, კარგად თამაშობს მარცხენა ფლანგზე, მაგრამ მას პერსონალურ მეურვეს არ მივუჩენთ. ის ძლიერია ბურთით, ჟელინსკისთან კარგადაა შეთამაშებული, ერთი ერთზე გასვლა უყვარს, ჩვენ უნდა შევაჩეროთ იგი არა პერსონალურად, არამედ, თავი გუნდურად უნდა დავიცვათ“, – განაცხადა „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ორ ტურში საგოლე პასი გააკეთა და პენალტი მოიპოვა, თუმცა ჯერ არ გაუტანია. A ჯგუფში „ნაპოლი“ ორი ტურის შემდეგ 6 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „აიაქსმა“ 3 ქულა დააგროვა.