აიაქსის ემოციური ვიდეო „სამეფო კარის თამაშების“ მუსიკის თანხლებით (ვიდეო)

ამსტერდამის აიაქსის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მუსიკის თანხლებით მადლობას უხდიან გუნდს, რომელმაც სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და საოცნებო ლიგის ფინალამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯი დააკლდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში აიაქსმა პირველი მატჩი ლონდონში ანგარიშით 0-1 მოიგო და განმეორებით მატჩში, საკუთარ მოედანზე, პირველ ტაიმში მეტოქეს ორი გოლი გაუტანა. მიუხედავად თითქმის უიმედო მდგომარეობისა, ლონდონელებმა მეორე ნახევარში საკუთარ თავში ძალა იპოვეს და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. შედეგად, ორი თამაშის ჯამში, დაპირისპირება 3-3 დასრულდა და ტოტენჰემი ფინალში სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა.

„ჩვენ ისევ დავბრუნდებით, რათა ისტორია შევქმნათ და გავაკეთოთ ის, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით: მივცეთ იმედი მათ, ვინც ოცნებობს“, – ნათქვამია ვიდეოში.