აგნიეშკა რადვანსკამ კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა
აგნიეშკა რადვანსკამ კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა

მსოფლიოს ყოფილმა მეორე ჩოგანმა, პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ პროფესიული კარიერა დაასრულა. 29 წლის ჩოგბურთელი ვერ გაუმკლავდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც 2018 წლის სეზონის დასაწყისიდან აწუხებდა.

„მინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. დღეს, საჩოგბურთო ტურნირებში 13 წელი მონაწილეობის შემდეგ, კარიერის დასრულება გადავწყვიტე. ეს არ იყო იოლი. მოხარული ვარ, რომ ამდენი კარგი მოსაგონარი მრჩება. სამწუხაროდ, არ შემიძლია ვარჯიში და თამაში იმ დონეზე, რომელსაც მივეჩვიე. სხეული ვეღარ ამართლებს ჩემს მოლოდინს“ – განაცხადა აგნიეშკამ.

რადვანსკა პირველი პოლონელი ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც WTA-ის ტიტული მოიგო და „დიდი სლემის“ ტურნირის ფინალში გავიდა. აგნიეშკა 2012 წელს იყო უიმბლდონის ფინალში, სულ მოგებული აქვს WTA-ის 20 ტიტული, მათ შორის, წლის შემაჯამებელი ტურნირი. ის ასევე ორჯერ იყო ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში და ერთხელ, როლან გაროსის მეოთხედფინალში.