აგენტი - ანანიძის ამბავი უახლოეს დღეებში გაირკვევა
აგენტი - ანანიძის ამბავი უახლოეს დღეებში გაირკვევა

თემურ ლეფსაიას თქმით, ჯანო ანანიძის მომავალთან დაკავშირებით ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში აგენტი, რომელიც ქართველი ფეხბურთელის ინტერესებს წარმოადგენს აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებას დღემდე არც ერთ კლუბთან აწარმოებს.

კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ ანანიძეს „სპარტაკიდან“ წასვლა არ სურს, ლეფსაია პასუხობს – „ჯერ ამ კითხვაზე პასუხის გაეცემა არ შემიძლია. რაღაც სიახლე შეიძლება უახლოეს დღეებში გაირკვეს, რადგან ახლა ყველა ახალ წელს ზეიმობს. მე დღეს მოლაპარაკება არავისთან მაქვს, ხვალ რა იქნება – არ ვიცი. არც ის, ანანიძე „სპარტაკის“ პირველ შეკრებაზე გაემგზავრება თუ – არა. ყველაფერი მალე გაირკვევა“ – ამბობს ლეფსაია.

შეგახსენებთ, რომ ანანიძის კლუბიდან გაშვება დეკემბერში, მოსკოვის „სპარტაკის“ დირექტორატის სხდომაზე გადაწყდა. 26 წლის ქართველის გადაბირების სურვილი სამარის „კრილია სოვეტოვმა“ საჯაროდ დააფიქსირა. საკითხი 8 იანვრამდე უნდა გადაწყდეს, როდესაც სამარული კლუბის ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

ლეფსაია რუსეთში თორნიკე ოქრიაშვილისა და ჯანო ანანიძის ინტერესებს წარმოადგენს, მაგრამ მათი მენეჯერი არაა.