აფროსნობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა #1TVSPORT
აფროსნობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა #1TVSPORT

აფროსნობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრებას თბილისის ზღვის საიალქნო კლუბი მასპინძლობდა, სადაც ოპტიმისტისა და ლაზერის კლასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ როგორც ვაჟებში, ისე გოგონებში.

ტურნირი საქართველოს აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. თბილისელ სპორტსმენებთან ერთად გამარჯვებისთვის ფოთისა და ბათუმის საიალქნო სკოლების 25 აფროსანი იბრძოდა.

ჩემპიონატის შედეგებით დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები, რომელიც მომავალში საერთაშორისო ტურნირებში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იასპარეზებს.

ორგანიზატორების თქმით, ბოლო პერიოდში სახეობაში პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება – მიზეზად ისინი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მონაწილეთა გაზრდილ რაოდენობას ასახელებენ. ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ უახლოეს წლებში ქართველი აფროსნები საერთაშორისო სარბიელზეც მაღალი შედეგებით გამოიჩენენ თავს.