აფრიკის თასის სკანდალურ ფინალზე საბოლოო გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლოს გახდება ცნობილი #1TVSPORT

17:00, 19.10.2026

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) აფრიკის ერთა თასის ფინალთან დაკავშირებულ დავაზე გადაწყვეტილების გამოცხადების სავარაუდო ვადა დაასახელა. მაროკოსა და სენეგალის ნაკრებებს შორის სადავო შეხვედრის საკითხი, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გადაწყდება.

CAS-ის ოფიციალური განცხადების თანახმად, სასამართლო სრულყოფილ გადაწყვეტილებას ამზადებს, რომელიც საქმის სამართლებრივ დასაბუთებასაც მოიცავს. პროცედურას რამდენიმე კვირა დასჭირდება, რის გამოც საბოლოო განაჩენის გამოქვეყნება 2026 წლის ნოემბრის ბოლოსაა მოსალოდნელი.

18 იანვარს გამართულ აფრიკის ერთა თასის ფინალში სენეგალმა მაროკო დამატებით დროში 1:0 დაამარცხა. თუმცა შეხვედრის მიწურულს მეტოქის სასარგებლოდ დანიშნული პენალტის გასაპროტესტებლად სენეგალელმა ფეხბურთელებმა მოედანი დროებით დატოვეს. მატჩი დაახლოებით 14 წუთის შემდეგ განახლდა, მაროკომ პენალტი ვერ გამოიყენა, ხოლო დამატებით დროში პაპ გეიემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

17 მარტს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CAF) სააპელაციო კომიტეტმა სენეგალის ნაკრებს წესების დარღვევისთვის ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალა და აფრიკის ჩემპიონად მაროკო გამოაცხადა.

სენეგალის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება არ აღიარა და 25 მარტს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა. საქმეზე მოსმენა 8 ოქტომბერს, ლოზანაში გაიმართა, სადაც მხარეებმა საკუთარი არგუმენტები წარადგინეს.

CAS-ის განაჩენმა უნდა განსაზღვროს, ძალაში დარჩება მაროკოსთვის მინიჭებული ტექნიკური გამარჯვება თუ აღდგება სენეგალის მიერ მოედანზე მოპოვებული შედეგი.

მსგავსი