აფრიკაში ლომზე ნადირობისთვის, იბრაჰიმოვიჩი შვედეთში გააკრიტიკეს #1TVSPORT
აფრიკაში ლომზე ნადირობისთვის, იბრაჰიმოვიჩი შვედეთში გააკრიტიკეს #1TVSPORT

„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მშობლიურ შვედეთში კრიტიკის ობიექტი გახდა. 39 წლის ფეხბურთელს ბრალად სდებენ იმას, რომ 2011 წელს მან სამხრეთ აფრიკაში ლომი მოინადირა, შემდეგ კი მოკლული ცხოველის ტყავი და თავის ქალა შვედეთში გაგზავნა. ეს ამბავი შვედურმა გაზეთმა Expressen-მა გაამხილა.

ლომი „წითელ წიგნში“ ოფიციალურად არის აღიარებული „დაუცველ სახეობად“, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში ლომზე ნადირობა სპეციალური ნებართვის შემთხვევაში კანონით დაშვებულია.

Expressen-მა საკუთარი გამოძიება ჩაატარა და დაწერა 82 შვედი მონადირის შესახებ, რომლებიც ცდილობდნენ სამშობლოში ჩაეტანათ ნადავლი. ასევე ამტკიცებენ, რომ იბრაჰიმოვიჩის მიერ მოკლული ლომი ერთი წელი იყო დამწყვდეული ვოლიერში, საიდანაც სწორედ იმისთვის გამოუშვეს, რომ ფეხბურთელს მასზე ენადირა. Expressen კომენტარისთვის იბრაჰიმოვიჩს დაუკავშირდა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად ზლატანი მრავალი წლის განმავლობაში საკუთარ თავს ლომს ადარებს და ზურგზე ცხოველის დიდი ტატუც აქვს.