ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში რამდენიმე დღე უნდა დარჩეს
ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში რამდენიმე დღე უნდა დარჩეს

ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში რამდენიმე დღე უნდა დარჩეს. ადვოკატის თქმით, შეხვდა ექიმებს, რომლებიც ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზს გამოკვლევებს უტარებენ.

„ექიმებმა მითხრეს, რომ დღის მეორე ნახევარში იგრძნო გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილები, პრობლემები შექმნა ასევე მეტყველებაზე. ეს პრობლემები ისევ აქვს, ასევე – მარჯვენა კიდურების პრობლემა. ჯერ ბოლომდე არ არის დადგენილი, მაგრამ ის, რომ კიდურების, მეტყველების პრობლემები და გულმკერდის ტკივილები აქვს, საგანგაშო მდგომარეობაზე მეტყველებს.

ექიმებმა განაცხადეს, რომ უახლოესი დღეები მას აუცილებლად მოუწევს კლინიკაში ყოფნა და ზედმეტია საუბარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებაზე. ადვოკატებმა მოვითხოვეთ, რომ მისი ნახვის შესაძლებლობა მოგვეცეს. ექიმებმა და სასჯელაღსრულების უწყების წარმომადგენლებმა გვითხრეს, როგორც კი პალატაში გადაიყვანენ, მოგვეცემა დეკანოზის ნახვის საშუალება. შესაძლოა, ის ამაღამ გადაიყვანონ პალატაში“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა გადაიყვანეს საავადმყოფოში.