ადვოკატები აცხადებენ, რომ ღუდუშაურის კლინიკიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის გადაყვანა დაუშვებელია
ადვოკატები აცხადებენ, რომ ღუდუშაურის კლინიკიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის გადაყვანა დაუშვებელია

როგორც პირველად მოიტაცეს მამა გიორგი აეროპორტიდან, ასე მოიტაცეს დღეს საავადმყოფოდან, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცახადა.

მისივე თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში დეკანოზის გადაყვანა ფორსმაჟორულ სიტუაციაში, დაჩქარებული წესით მოხდა.

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მოსული ექიმი, რომლის სახელსა და გვარს მალე დავადგენთ, მონდომებით ითხოვდა, რომ პროცესი დაჩქარებულიყო და მამა გიორგი მალე გადაეყვანათ. ღუდუშაურის კლინიკის მედპერსონალი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი აღმოეფხვრა. მისი პირადი ექიმი ზეწოლის გამო ცუდად გახდა. პირდაპირ ვაცხადებ, მამა გიორგის გადაყვანის რეალური მიზანია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. გარკვეულ პირებს, რომლებიც ბოგინობენ საპატრიარქოდან თუ საერო პირებიდან, უნდათ დაასრულონ ეს საქმე ფატალური შედეგით. მივმართავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მის უწმინდესობა ილია მეორეს, თქვენო უწმინდესობავ, თქვენს ხელშია ადამიანის ბედი. თუ უშუამდგომლებთ შეწყალებაზე და  თვითონ მოუსმენთ მას, მიხვდებით, რამდენად უდანაშაულოა ის“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დეკანოზის კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ დღეს გიორგი მამალაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ფანცულაია პენიტენციურ  დაწესებულებაში გიორგი მამალაძის გადაყვანას დაუშვებლად მიიჩნევს.

ადვოკატი აცხადებს, რომ  დეკანოზის შესაძლო გადაყვანის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო. მისივე თქმით,  დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ასეთ დროს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამ შესაძლოა, მდგომარეობის დამძიმება გამოიწვიოს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკიდან პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში დღეს გადაიყვანეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ყველა იმ სამედიცინო პროცედურას გაივლის, რაც სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჩატარებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნით არის რეკომენდებული.