ადვოკატი - ავთანდილ ბილანიშვილის დნმ-ის ნიმუში იმიტომ აიღეს, რომ ეს სალაპარაკო არ გამხდარიყო
ადვოკატი - ავთანდილ ბილანიშვილის დნმ-ის ნიმუში იმიტომ აიღეს, რომ ეს სალაპარაკო არ გამხდარიყო

ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“ ექსპერტიზის ჩასატარებლად დნმ-ის ნიმუში ჩააბარა. როგორც მისი ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, რადგანაც ბილანიშვილი მედიამ საქმის ფიგურანტად დაასახელა, მაინც მოხდა დნმ-ის ნიმუშის აღება.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ავთანდილ ბილანიშვილი არ ფიგურირებს.

„საქმეში არ ფიგურირებს, აბსოლუტურად არავისთან აქვს კვეთა. ვინაიდან ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ ფიგურანტად დასახელდა ავთანდილ ბილანიშვილი, ბრალდების მხარემ ჩათვალა საჭიროდ, შემდგომში რომ არ გახდეს სალაპარაკო ისევ იმ ოპოზიციურად განწყობილი პირებისათვის, მათ შორის ტელევიზიებისთვის, თუკი სხვამ ჩააბარა დნმ-ი მტკიცებულებებთან შესადარებლად, რატომ არ გამოითხოვეს ავთანდილ ბილანიშვილისგანაც, ამიტომ დაიბარა ის საგამოძიებო ორგანომ. იმიტომ მოსთხოვეს დნმ-ის ჩაბარება, რომ არ გახდეს შემდგომში სალაპარაკო. თუმცა, ფიგურანტად მისი დასახელება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმ დაინტერესებული ოპოზიციური ტელევიზიების და მხარეების მიერ“, – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, ეს არის სპეციალურად შემოგდებული თემა.

„ასევე, ძალიან ბევრი მოწმე შემოაგდეს საქმეში, რათა არ მოხდეს საქმის დროულად გამოძიება. ეს არის სპეციალურად გაჭიანურება გარეშე, მესამე პირების მიერ. ჩვენს ქვეყანაში როდესაც ვრცელდება ინფორმაცია და ეჭვი გამოითქმება ვინმეს მიმართ, რომელიღაც დაინტერესებული მხარის მიერ, შემდგომში იმ დაინტერესებული პირის გრაფიკით უნდა ირბინოს მთელმა საქართველომ, პროკურატურამ, პოლიციამ და ა.შ. არ შეიძლება ასეთი რაღაც. არ ფიგურირებს საქმეში, მაგრამ მავანი იძახის, რომ გინდა თუ არა, ფიგურირებს. ამიტომ, ეჭვი რომ გაქარწყლდეს, მოხდა ავთანდილ ბილანიშვილის გამოძახება საექსპერტო ბიუროში, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით. მას უარი არ განუცხადებია, რომ აღარ იყოს კიდევ რაიმე კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ არ ჩააბარა დნმ.

აქტუალური გახადეს პოლიტიკური მიზნებისთვის, არჩევნები მოდის და ხალხს, საზოგადოებას არწმუნებენ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მის შვილთან დაახლოებული პირები არიან კრიმინალები, ამით კვებავენ საზოგადოებას. რატომღაც, საზოგადოებაც მეტ-ნაკლებად ამას იჯერებს. ავთანდილ ბილანიშვილს სულ ტყუილად მოსცხეს ჩირქი, ჩვენ მივიტანეთ თავის დროზე ყველანაირი მტკიცებულება, რომ ის არანაირ შემხებლობაში არ იყო ამ საქმესთან. ის მსხვერპლია ჩვეულებრივი, დაინტერესებული პოლიტიკური მხარეების მხრიდან.

პროკურატურისგან დნმ-ის მოთხოვნა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ პრინციპს, რომ კიდევ არ მოხდეს საგანგაშო აპელირება, ავთანდილ ბილანიშვილს რატომ არ აქვს დნმ ჩაბარებული, თუკი სხვა პირებმა ჩააბარეს, რატომ მაინცდამაინც ავთანდილი, რადგანაც ზედა ეშელონებთან დაახლოებული პირია? აი, ეს მოჰყვება ამას, ასე ვფიქრობ. დაიბარეს ავთანდილ ბილანიშვილი, წინააღმდეგობა არ გაუწევია, რომ არ მოხდეს მისი საშუალებით ბერა ივანიშვილის ლანძღვა. აი, ამას ემსახურება მისი მისვლა და დნმ-ის ჩაბარება“, – აცხადებს თამარ აბესაძე.