ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაყავთ.
ადვოკატის თქმით, სარალიძე ცუდად გახდა და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანენ.
„როდესაც აქ გამოვცხადდი, ზაზა სარალიძე იყო მძიმე მდგომარეობაში. მას აქვს ემოციური ფონი და გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში საკვების გარეშე იმყოფებოდა, რამაც გამოიწვია შაქრის მაღალი დონე და მაღალი წნევა. შესაბამისად, მოვითხოვეთ სასწრაფოს გამოძახება. სასწრაფო მოსულია, იმყოფება შენობაში, შემოწმება მიმდინარეობს და გადაგვყავს კლინიკაში, რადგან აქვს ძალიან მაღალი შაქარი“,-განაცხადა ნესტან ლონდარიძემ შსს-ს შენობიდან გამოსვლისას.
ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა განაცხადა, რომ ზაზა სარალიძის დაკითხვა პროცედურის დარღვევით წარიმართა.
„მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მე უკვე ვიმყოფებოდი მოსული, როდესაც მასთან მიმდინარეობდა შემოყვანის პროცედურები. თავად ზაზა სარალიძის განცხადებით, მან მოითხოვა, რომ ადვოკატი დასწრებოდა შემოყვანის პროცედურებს, თუმცა ამის მიუხედავად, მე არ დამასწრეს. არ დაუძახიათ ჩემთვის. ზაზა სარალიძეს ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, თუმცა რამდენად საფუძვლიანია ეს ბრალდება, ამას ჩვენ გავარკვევთ და გვექნება შესაბამისი არგუმენტები“,-განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
შეგახსენებთ, შსს-ს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა. შსს-მ ფაქტის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.