ადვოკატი აცხადებს, რომ წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა
ადვოკატი აცხადებს, რომ წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა

ადვოკატი გიორგი ჭოჭუა აცხადებს, რომ წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელ ლევან ზურაბაშვილს ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა. ამის შესახებ მან განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებასთან, სადაც დაკავებულის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ და ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

„ჯერჯერობით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. სხვა არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს. მას არ სურს საუბარი, ხვალ შევხვდებით ალბათ და დეტალურად გავისაუბრებთ. საქმის მასალები იქნება ხვალ.

როგორც ვიცი, ყველა მძევალი კარგად არის, არავისზე ზეწოლა არ მოუხდენია. მოთხოვნებზე მითხრა, რომ მისი მოთხოვნები იყო, დაეწიათ საბანკო პროცენტები, გაუქმებულიყო აზარტული თამაშები და იყო მესამე მოთხოვნაც. მე და ირმა ჭკადუა ვართ მისი ადვოკატები.

ის ყუმბარა იყო სანთებელა, ყუმბარის ფორმის სანთებელა, რომელიც შეიძინა. ეს სანთებელა რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა, იყო მხოლოდ და მხოლოდ სანთებელა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, შეკითხვაზე, იყო თუ არა ლევან ზურაბაშვილი ფხიზელ მდგომარეობაში, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ის ფხიზელი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ლ.ზ. არის დაკავებული. ​მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში ის 20 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.