ადვოკატი აცხადებს, რომ ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ბავშვის დედა დუმილის უფლებას იყენებს
ადვოკატი აცხადებს, რომ ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ბავშვის დედა დუმილის უფლებას იყენებს

ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა დუმილის უფლებას იყენებს, – ამის შესახებ ადვოკატმა ნინო ტაბატაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ნინო ტაბატაძემ აღნიშნა, სავარაუდოდ, არ დადასტურდება მეზობლების განცხადება იმის შესახებ, რომ ბავშვი ცემის შედეგად დაიღუპა.

„ბავშვის დედას იურიდიული კონსულტაცია გავუწიე. დანაშაულს არ აღიარებს, აირჩია დუმილის უფლება, რაც კანონით აქვს მინიჭებული. საქმეზე ჯერ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მეზობლების განცხადებები არ არის მტკიცებულება. მტკიცებულება ის არის, რასაც ბრალდება გადმომცემს. რაც შეეხება აჟიოტაჟს, დიდი ალბათობით, არ დადასტურდება ის, რაზეც მეზობლები საუბრობენ”,-აცხადებს ნინო ტაბატაძე.

შეგახსენებთ, 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა.

აღნიშნულ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება 6 იანვარს შევიდა. დედის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც, მას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. 22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.