ადვოკატი აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული დ.ღ.-ს საპატიმრო ვადა 19 იანვარს იწურება
ადვოკატი აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული დ.ღ.-ს საპატიმრო ვადა 19 იანვარს იწურება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული დ.ღ.-ს ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპატიმრო დაწესებულებას მაქსიმუმ, ორ კვირაში დატოვებს. ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილი​ს განმარტებით, დ.ღ.-ს საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურება, იქამდე კი მხარეები მტკიცებულებების გამოკვლევას ვერ დაასრულებენ. ასეთ შემთხვევაში, საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაკავებული პატიმრობიდან თავისუფლდება.

„რამდენიმე თვეა, ვცდილობთ რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება, ვინაიდან, აღარ არის საჭირო მისი პატიმრობაში ყოფნა. თუმცა, პროკურატურა ამ პროცესს სპეციალურად აჭიანურებს, არ მოყავს არასრულწლოვანი მოწმეები, რაშიც მას სასამართლო ეხმარება. 19-ში ისედაც გადის ვადა და აუცილებლად შეიცვლება აღკვეთის ღონისძიება, ორი კვირაა დარჩენილი და პროკურატურა ამ ვადაში საქმის დასრულებას ვერ მოასწრებს. ასე რომ, სასამართლოს მოუწევს, შეცვალოს აღკვეთის ღონისძიებას, თუმცა პროკურატურას სურს, რომ ექვსთვიანი ვადა ამოწუროს, პროკურატურას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, მათ სურთ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ თითქოს მისი ცრუ ჩვენების განო ვერ დადგა შედეგი ძირითად საქმეზე“, – აცხადებს ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი.

ბრალდებულ დ.ღ.-ს სისხლის სამართლის საქმეზე დღეს ბრალდების მხარე წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევს, მათ შორის, ბრალდებულის მიერ მკვლელობის საქმეზე მიცემულ ჩვენებას. პროკურატურის განმარტებით, დ.ღ.-მ სხდომაზე ცრუ ჩვენება მისცა.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების საკითხს, ბრალდების მხარის განმარტებით, ეცდებიან, მტკიცებულებები გამოყოფილ დროში გამოიკვლიონ.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე, როგორც წერილობით, ასევე ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევს, მათ შორის აუდიოჩანაწერს, ბრალდებულ დ.ღ.-ს მიერ სასმართლოში მიცემულ ჩვენებას მკვლელობის საქმეზე. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს, ბრალდების მხარეს იგივე პოზიცია აქვს. მიგვაჩნია, რომ მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის რისკი არსებობს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა არის სწორი ღონისძიება. 19 იანვრამდე ჩვენ არაერთი მტკიცებულება გვაქვს გამოსაკვლევი, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, საქმეზე ყველა მტკიცებულების გამოკვლევა მოხდეს“, – აცხადებს პროკურორი ბესიკ ქვარცხავა​.