ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანი ურანის გამდიდრებას განაგრძობს
ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანი ურანის გამდიდრებას განაგრძობს

ირანი განაგრძობს ურანის 5, 20 და 60 პროცენტით გამდიდრებას, ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალი აქბარ სალეჰის განცხადებით, გრძელდება ურანის 5, 20 და 60 პროცენტით გამდიდრების სამუშაოები. მისი განცხადებით, 5%-ით გამდიდრებული ურანის ოდენობა ხუთ ტონაზე მეტია, 20%-ით გამდიდრებული 90 კილოგრამს შეადგენს, 60%-ით გამდიდრებული კი, 2,5 კილოგრამს აღემატება. ამასთან, ალი სალეჰმა განაცხადა, რომ 20%-ით გამდიდრებული 90 კილოგრამიანი ურანი ოთხ თვეში იყო მიღებული.

ურანის 60%-ით გამდიდრების გადაწყვეტილება ირანმა რამდენიმე კვირის წინ აცნობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რასაც აშშ-ის მხრიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა.

ამასთან, ვენაში რამდენიმე კვირაა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენასთან დაკავშირებით, რომელზედაც შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნებისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხები განიხილება.