ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი სასამართლო სისტემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებაზე კვლევის ანგარიშს აქვეყნებს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი სასამართლო სისტემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებაზე კვლევის ანგარიშს აქვეყნებს

მოსამართლეებისა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიმართ ნდობის მაჩვენებელი დაბალია – ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი.

კვლევა ეხება საქართველოს მოსახლეობის ცოდნასა და დამოკიდებულებას სასამართლო სისტემის მიმართ. კვლევის ფარგლებში 2000-მდე ადამიანი გამოიკითხა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოკითხული მოსახლეობის მესამედზე მეტი უნდობლობას უცხადებს მოსამართლეებს და მიიჩნევს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემა არ შეცვლილა.

მოსახლეობის უმრავლესობა ასევე ნაკლებად არის ინფორმირებული სასამართლოში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების შესახებ, მათ შორის მოსამართლეთა უფლებამოსილების იერარქიის შესახებ.

რაც შეეხება, იუსტიციის საბჭოს, გამოკითხულთა უმრავლესობა საბჭოს არსებობის შესახებ ინფორმირებულია. გამოკითხულთა მესამედზე მეტის აზრით, საქართველოში მოსამართლეები სამართლიანები და პროფესიონალები არიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობა სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს ნაკლებად მიიჩნევს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად. პირველ რიგში ასეთ საკითხად სიღარიბესა და უმუშევრობას ასახელებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, კვლევის მეთოდიკასთან მიმართებაში ბევრი კითხვები არსებობს.

„ძალიან კრიტიკულად ვაფასებთ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში შეკითხვები იყო წარმოდგენილი ნეგატიურ კონტექსტში . ზოგადად, ნდობის საკითხი არა მარტო ჩვენთან, არამედ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებშიც არის სასამართლოს მიმართ და ამაზე ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთადაც ვსაუბრობთ. აღსანიშნავია, რომ გამოიკვეთა მოსახლეობის ნაკლები ინფორმირებულობა სასამართლოს სისტემის თაობაზე და ამ მიმართულებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკრეტული ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.