ადამ კინზინგერი - ტრამპის გულუბრყვილო ადმინისტრაციამ ლეგიტიმაცია მისცა „თალიბანს“, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაცია წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას შეეცადა ყოველგვარი გეგმის გარეშე
ადამ კინზინგერი - ტრამპის გულუბრყვილო ადმინისტრაციამ ლეგიტიმაცია მისცა „თალიბანს“, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაცია წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას შეეცადა ყოველგვარი გეგმის გარეშე

კონგრესმენი ადამ კინზინგერი ​აშშ-ის მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათმა მოქმედებებმა და პოლიტიკამ ავღანეთის მთავრობის დაშლას შეუწყო ხელი.

კონგრესმენმა ყოფილი და ამჟამინდელი ადმინისტრაციების მიდგომებს არაშორსმჭვრეტელი, სუსტი და სრულად წარუმატებელი უწოდა.

„ტრამპის გულუბრყვილო ადმინისტრაციამ ლეგიტიმაცია მისცა „თალიბანს“, მათთან მშვიდობიანი, ღია მოლაპარაკებებით, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაცია შეეცადა წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას ყოველგვარი გეგმის გარეშე. სად არიან ახლა ისინი? რას აკეთებენ დღეს ისინი „თალიბანის“ მიერ სასტიკად მოკლული უამრავი სიცოცხლის გადასარჩენად?“, – ნათქვამია ადამ კინზინგერის განცხადებაში.

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ავღანეთი დატოვა.