ადა მარშანია - პარლამენტის დარბაზის ჰარმონიული დაგეგმარება დარღვეულია

​პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურის გამო დეპუტატმა ადა მარშანიამ ყურსასმენები მოითხოვა.

ადა მარშანიამ ყურსასმენები იმ დროს მოითხოვა, როცა სესიაზე კახა კუჭავა დეპუტატებს თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული თემატური ჯგუფის დასკვნას აცნობდა. ადა მარშანიამ სიტყვა მოითხოვა და განაცხადა რომ დარბაზის გახმოვანების პრობლემის გამო ხმა ძალიან ცუდად ისმის.

„სერიოზული და სავალალო თემა და საკითხია ჰაერის დაბინძურება ჩვენს ქვეყანაში, არ ვიცი, რა არის ამაზე საინტერესო ჩვენთვის და ძალიან ცუდად ისმის ხმა დარბაზში. ეს არა მხოლოდ ხმაურის ბრალია. როდის დაადგება საშველი დარბაზის გახმოვანებას. ჰარმონიული დაგეგმარება, იცით თქვენ, დარღვეულია. ამ დარბაზში გავატარე ჩემი ცხოვრების ნახევარი, სამწუხაროდ, საუბედუროდ თუ საბედნიეროდ. ძალიან გთხოვთ, სხდომის ყურსასმენები დაგვირიგეთ, წესიერად რომ მოვუსმინოთ მეტად მნიშვნელოვან და სერიოზულ მოხსენებას“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატს სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა.

„აბსოლუტურად გეთანხმებით, საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მგონია, ყველას გვაინტერესებს, საზოგადოებასაც აინტერესებს. დარბაზში ხმის თემას რაც შეეხება, ტენდერის საჭიროებიდან გამომდინარე, საშემოდგომო სესიიდან ეს პრობლემა მოგვარდება. მანამდე უნდა ვიმუშაოთ ამ რეჟიმში. იმისთვის, რომ ხმის პრობლემა არ ჰქონდეს, აპარატს ვთხოვ, რომ მიაწოდოს ყურსასმენები პარლამენტის წევრებს, ვისაც სჭირდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დატოვე კომენტარი