ადა მარშანია - მთავრობის ყველა სხდომა უნდა იწყებოდეს ქვეყნის გამთლიანების საკითხით, მიუხედავად დღის წესრიგისა
ადა მარშანია - მთავრობის ყველა სხდომა უნდა იწყებოდეს ქვეყნის გამთლიანების საკითხით, მიუხედავად დღის წესრიგისა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა ფრაქცია  „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან სხდომის წამყვანმა, ირმა ინაშვილმა ტერიტორიული მთლიანობის თემით დაიწყო.

„მინდა, დასაწყისშივე ეს შეხვედრა გავხსნათ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თემით. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ძალიან სამწუხაროა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში არც ერთი სხდომა არ დაუთმო ამ პარლამენტმა ტერიტორიული საკითხების განხილვას. არც ერთი სხდომა არ მიეძღვნა ამ თემას, არადა ხელისუფლება აცხადებს, რომ მისთვის პრიორიტეტია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

​პარლამენტის წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა, რომ მათი პოლიტიკური ძალა აყენებს დღის წესრიგში უპირველესად და უმთავრესად ორ თემას, ორ ფუნდამენტურად სტრატეგიულ საკითხს, ეს არის ქვეყნის გამთლიანების საკითხი და ეს არის სიღარიბე.

„მოგესალმებით, მომავალო მთავრობის წევრებო. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ ეს შემადგენლობა, თქვენი შემადგენლობა დამტკიცდება სესიაზე. რამდენად მივიღებთ ჩვენ ამაში მონაწილეობას, ეს გამოჩნდება სულ რამდენიმე საათში.

ნამდვილად, ჩვენი პოლიტიკური ძალა აყენებს დღის წესრიგში უპირველესად და უმთავრესად ორ თემას, ორ ფუნდამენტურად სტრატეგიულ საკითხს, ეს არის ქვეყნის გამთლიანების საკითხი და ეს არის სიღარიბე, რომელიც გამეფებულია ჩვენს ქვეყანაში.

ორივე საკითხი არის ძალიან მძიმე, მწვავე, დიდი და ბატონ პრემიერს მინდა მივმართო უმალვე, ბატონო მომავალო პრემიერო, პრაქტიკულად პრემიერო ქვეყნის და ეს არ არის ჩემი მხრიდან რიტორიკული შეკითხვა, აპირებთ თუ არა თქვენ, მთავრობის სხდომები დაიწყოთ ქვეყნის გამთლიანების საკითხით, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხით. ჩვენი სამშობლოს დროებით წართმეული ნაწილების საკითხით, მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ დღის წესრიგს, იმ დღის, რა დღესაც გაიმართება მთავრობის სხდომა. ჩვენ მიგვაჩნია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის რიტორიკული შეკითხვა, რომ ასეთ ბედში მყოფ ქვეყანაში მთავრობის ყველა სხდომა უნდა იწყებოდეს ქვეყნის გამთლიანების საკითხით, მიუხედავად დღის წესრიგისა. ამას აქვს უდიდესი პოლიტიკური, ზნეობრივი, მორალური, ადამიანური მნიშვნელობა, ალბათ დამეთანხმებით“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

მარშანიას თქმით, აღნიშნულ თემაზე მათი ფრაქცია ესაუბრა წინა ორ პრემიერ-მინისტრსაც.

„ამ საკითხზე ჩვენ ვესაუბრეთ თქვენს წინამორბედ ორივე პრემიერს და ვერ გეტყვით, რომ რამე შეიცვალა ამ მიმართულებით. არაფერი არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ბატონმა ბახტაძემ შეცვალა თავისი რიტორიკა და საკმაოდ ხშირად აცხადებდა, რომ ზუსტად ეს ორი თემა, რომელიც ჩვენ აქ პირველი დღიდან ჩვენი პარლამენტში შემოსვლისა ვაჟღერებდით, არის ქვეყნის პრიორიტეტული საკითხი, მაგრამ პრაქტიკულ ნაბიჯებს ჩვენ ვერ ვხედავთ სამწუხაროდ და საუბედუროდ.

ჩემმა კოლეგამ, ჩემმა თანამებრძოლმა ირმამ ბრძანა, რომ სამწუხაროდ და საუბედუროდ, და ეს ტრაგედიაა, ეს ტრაგედიაა, რომ საქართველოს პარლამენტმა არ ინება, არ ისურვა არც ერთი თავისი სხდომა მიეძღვნა ამ საკითხს. ეს არის გაუგებარი, ენით აღუწერელი ჩვენთვის ფაქტი.

და თითქმის ყველა ჩემს გამოსვლაში პარლამენტში მე ამას ვახსენებ ამ უვარგის პარლამენტს, მაგრამ რაც არის ეს არის. ამიტომ, ბატონო გიორგი, მომავალო პრემიერ-მინისტრო ქვეყნის თქვენ მაინც ეს ტრადიცია არ გააგრძელოთ, რადგან ცუდი ტრადიციაა“, – მიმართა ადა მარშანიამ გიორგი გახარიას.

მარშანიას თქმით, არის ბევრი საკითხი აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელზეც ღია ეთერში ვერ ისაუბრებს.

„ვიცით ჩვენ თუ არა, მე არა ერთხელ მითქვამს ამის შესახებ საპარლამენტო ტრიბუნიდან, მაგრამ გავმეორდები, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვიცით ჩვენ თუ არა რომ აბორიგენი მოსახლეობა, რასაც ჰქვია აფხაზეთის, არის უკვე უმცირესობაში დარჩენილი და მე არ მოვერიდები და დავასახელებ იმ ეროვნების წარმომადგენლებს, რომლებიც ჭარბობენ, ყოველთვის ცხოვრობდნენ აფხაზეთში და ჩვენ მათთან არაჩვეულებრივი ურთიერთობები გვქონდა.

მაგრამ ეს ალბათ არ არის ნორმალური და ისინი ჩვენ უნდა გაგვიგონ, როდესაც აფხაზეთში ქართველებო და აფხაზები არიან უმცირესობაში და სომეხი ეროვნების ადამიანები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველთვის სახლობდნენ აფხაზეთში, ძალიან მშრომელი ხალხია და ჩვენ მათთან არასოდეს კონფლიქტი არ გვქონია, ჭარბობენ და უკვე არიან მიღწეულები ასი ათასს. აფხაზები 70 ათასი, ქართველები 60 ათასი. კატასტროფული და ტრაგიკული დემოგრაფიული სურათი გვაქვს და ჩვენ ამ მიმართულებით, მე თამამად მინდა თქვა და დიდი გულის ტკივილით, არაფერს არ ვაკეთებთ. მე ვწუხვარ, მაგრამ ამას ვერსად ვერ წაუვალთ.

ღია ეთერში იმართება ჩვენი სხდომა და ეს სწორია, მაგრამ მე ბევრ საკითხს ვერ ვაჟღერებ, შეგნებულად არ ვაჟღერებ, აი, ბატონი გომელაური მე მიყურებს ყურადღებით, დიდი მადლობა, აი, ეხება თქვენ სფეროს, ეხებოდა, ვერ ვაჟღერებ, სამწუხაროდ და საუბედუროდ, მაგრამ მე იმედი მაქვს, გვექნება ჩვენ ფორმატი სადაც ჩვენ კონკრეტულად ვისაუბრებთ იმ პროცესებზე, რომლებიც იქ მიმდინარეობს და სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ, რომ ჩვენი გარკვეული უწყებები რაღაცას აკონტროლებდნენ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

დატოვე კომენტარი