აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის „ჩელე-არენას“ კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდება #1TVSPORT
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის „ჩელე-არენას“ კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდება #1TVSPORT

ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ განაცხადა, რომ გადაწყვეტილია ქობულეთის სტადიონის, „ჩელე-არენას“ განახლება.

„ცნობილია, რომ საქართველო 2023 წელს 21-წლამდელეთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ერთი ჯგუფის მატჩები ბათუმსა და ფოთში გაიმართება. მინდა, ახალი ინფორმაცია გავაჟღერო – აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ქობულეთის სტადიონს კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ამან უზომოდ გამახარა, რადგან სტადიონი („ჩელე-არენა“) ჩემს სახელს ატარებს, მაგრამ საფარი ისეთ მდგომარეობაში იყო, საქონელი არ შეიშვებოდა“, – განაცხადა ჩელებაძემ.

ვეტერანმა ფეხბურთელმა სტადიონის განახლების მონახაზზეც ილაპარაკა:

„ახლა ჩვენი გუნდის სპონსორების დახმარებით მოედნის საფარის განახლება მიმდინარეობს, მაგრამ ამ ხალხს თანადგომა სჭირდება. 21-წლამდელეთა შორის ევროპის ჩემპიონატისთვის დაგემილია დრენაჟის შეცვლა, დამონტაჟდება ორი ტაბლო, 1300-ლუქსიანი განათება და სტადიონი კაპიტალურად განახლდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალი ბათუმში ჩატარდება, ჯგუფური მატჩები ბათუმსა და ფოთში გაიმართება, მონაწილე გუნდებს სავარჯიშო მოედნები დასჭირდებათ“.