აბურჯანიას „ჟილ ვისენტემ“ პორტუგალიური გრანდი „პორტუ“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი აბურჯანიას „ჟილ ვისენტემ“ მიმდინარე სეზონში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – გუნდი პორტუგალიური ფეხბურთის გრანდს, მეორეადგილოსან „პორტუს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „ჟილ ვისენტეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. პორტუგალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრა ისე დაიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო: „პორტუ“ უკვე მე-4 წუთზე მეჰდი ტარემიმ დააწინაურა. თუმცა, 27-ე წუთზე მურილოს შესანიშნავი შორეული პასით ფრან ნავარომ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. 36-ე წუთზე კი „პორტუ“ კაცნაკლული დარჩა – მსაჯმა ჟოაო მარიოს პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

ამით „ჟილ ვისენტემ“ ისარგებლა და 45+2-ე წუთზე მურილოს ზუსტად შესრულებული პენალტით დაწინაურდა. 52-ე წუთზე კი არბიტრმა მატეუს ურიბეს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და „პორტუს“ მეორე მოთამაშეც გაუგდო, „ჟილ ვისენტემ“ კი 9-კაციან მეტოქესთან უპირატესობა შეინარჩუნა და 2:1 მოიგო.

22 ტურის შემდეგ „ჟილ ვისენტე“ 26 ქულით მე-14 ადგილზეა და აუტსაიდერთა ზონასთან სხვაობა გაზარდა.