აბურჯანიამ პორტუგალიურ გრანდს გაუტანა - „ჟილ ვისენტემ“ „ბენფიკა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი აბურჯანია ლისაბონის „ბენფიკას“ კარში გატანილი გადამწყვეტი გოლის ავტორი გახდა, ხოლო მისმა გუნდმა, „ჟილ ვისენტემ“ უმნიშვნელოვანესი და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში ქართველის გუნდი პორტუგალიურ გრანდს ლისაბონში ეწვია. „ბენფიკა“ 44 ქულით მესამე ადგილზე იყო და ლიდერ „პორტუსთან“ (56 ქულა) და მეორეადგილოსანსპორტინგთან“ (47) ჩამორჩენის შესამცირებლად მოგება ესაჭიროებოდა.

მაგრამ „ჟილ ვისენტე“ სენსაციის ავტორი გახდა და გრანდი საკუთარ მოედანზე დაამარცხა. აბურჯანია სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს. საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა „ჟილ ვისენტეს“ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

ანგარიში მე-11 წუთზე სამუელ ლინომ გახსნა. ხოლო 65-ე წუთზე გიორგი აბურჯანიამ ლისაბონელების კარი მეორედ აიღო და სტუმართა უპირატესობა სოლიდური გახდა 0:2. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კურიოზული გოლის ავტორი გახდა – კუთხურიდან მოწოდებული ბურთის დასარტყმელად მისი თანაგუნდელი ახტა, გიორგის კი ბურთი კისერზე მოხვდა და კარში შევარდა.

88-ე წუთზე გონსალო რამოსმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მაგრამ „ბენფიკამ“ თამაში ვეღარ გადაარჩინა – „ჟილ ვისენტემ“ გრანდი 1:2 დაამარცხა და 33 ქულით მე-5 ადგილზეა. აბურჯანიამ პორტუგალიურ გუნდში მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.