აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიება, რომელიც 6 ივნისს ავსტრალიაში უნდა გამართულიყო, ოფიციალურად გადაიდო
ალექსანდრ ვოლკანოვსკის ტიტულის დასაცავად მოცდა მოუწევს. UFC 251, რომელიც ავსტრალიაში უნდა გამართულიყო, ოფიციალურად გადაიდო.
პირველად კარიერაში, სწორედ ამ ღონისძიებაზე უნდა დაეცვა ტიტული ქვემსუბუქი (featherweight) წონითი დივიზიონის ახალ ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკის. ბრძოლები 6 ივნისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ღონისძიების ჩატარება შეუძლებელი გახადა. ორგანიზაციამ ქარდის გადადების ამბავი სოციალურ ქსელში ოფიციალურად გამოაქვეყნა.
უცნობია, თუ ვისთან უნდა ჩაეტარებინა ბრძოლა ვოლკანოვსკის, თუმცა ამერიკული და მსოფლიო მედია აქტიურად საუბრობდა ავსტრალიელისა და ჰოლოვეის რემატჩზე, რაც, ალბათ ყველაზე ლოგიკური იქნებოდა. თუმცა, ვოლკანოვსკიმ ასევე მზადყოფნა გამოთქვა „კორეელ ზომბისთან“, ზაბიტ მაგომედშარიპოვთან და ბრაიან ორტეგასთან ბრძოლაზე.