აბდელ მეჯუბის „დინამოს“ ჩემპიონობის სჯერა - „სიონთან“ უნდა მოვიგოთ
აბდელ მეჯუბის „დინამოს“ ჩემპიონობის სჯერა - „სიონთან“ უნდა მოვიგოთ

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მეთერთმეტე ტურში თბილისის „დინამო“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს. აქამდე გუნდები ერთმანეთს 62-ჯერ შეხვდნენ – „დინამომ“ 49 მატჩი მოიგო, 5 ფრედ, ხოლო 8 შეხვედრა ბოლნისელთა გამარჯვებით დასრულდა. მატჩი „დინამო-არენაზე“, 19.00 საათზე დაიწყება.

ამ მატჩზე, თბილისელთა მიზნებზე, გუნდის პრობლემებსა და ჩემპიონატის ფავორიტებზე „დინამოს“ მცველმა, ალჟირული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქემ, აბდელ მეჯუბიმ ილაპარაკა.

„ბოლნისის „სიონთან“ პირველ წრეში დავმარცხდით და ახლა გამარჯვება და 3 ქულის აღება ძალიან მნიშვნელოვანია. რთული მატჩი გველის, მაგრამ კონცენტრაციას თუ არ დავკარგავთ, პრობლემები არ შეგვექმნება. ჩვენ „დინამო არენაზე” კარგად ვთამაშობთ, მიმდინარე სეზონში მხოლოდ ბათუმის „დინამოსთან“ დავმარცხდით და ვფიქრობ, „სიონთან“ მოვიგებთ“, – ამბობს მეჯუბი.

თბილისელთა ლეგიონერმა გუნდის პრობლემებზე ილაპარაკა – „ბოლო ორ შეხვედრაში ორი გოლი კუთხურიდან გავუშვით, ერთიც – პენალტით. ფაქტია, რომ ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მეტი შეგვიძლია. დაცვაში სამუშაო გვაქვს, შეცდომების გამოსასწორებლად კი ბევრს ვშრომობთ. ჩვენ უნდა მოვიგოთ კონკრეტული თამაშები და ჩემპიონატიც, რადგან ჩვენ ვართ „დინამო“ და ეს ბევრს გვავალდებულებს“.

მეჯუბის აზრის, „დინამოს“ უკეთესი თამაში შეუძლია – „ნელ-ნელა, თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვუმატოთ. კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ვართ. ეს ფეხბურთია, ზოგჯერ არაფერი გამოგდის, ზოგჯერ – ყველაფერი. მთავარია, გუნდი შეკრული იყოს და სამწვრთნელო სტაფს უსმენდეს, შედეგს ეს მოგვიტანს“.

„დინამოს“ მცველმა ჩემპიონატის ფავორიტებზეც ილაპარაკა – „გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ ბოლნისელების შემდეგ, გასვლაზე ვეთამაშებით. „საბურთალოსთან“ მათ შეხვედრას ვუყურე, სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი იყო და კარგი თამაში გამოვიდა. ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის ბრძოლა მათთან, „საბურთალოსთან“ და „ტორპედოსთან“ მოგვიწევს“.