აბას არაღჩი – მზად ვართ საომარი მოქმედებების განახლებისთვის, ნებისმიერი ახალი აგრესიის წინაშე მტკიცედ ვიდგებით, თუნდაც საქმე აპოკალიფსურ ომამდე მივიდეს, ამავდროულად, მზად ვართ დიპლომატიისთვისაც

00:33, 28.09.2026

ირანი მზად არის როგორც დიპლომატიისთვის, ისე ომისთვის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ NBC News-ის გადაცემაში Meet the Press განაცხადა.

მისი თქმით, ირანი შეერთებულ შტატებთან ომის განახლებისთვის მზად არის, თუმცა დიპლომატიისთვის კარი კვლავ ღია რჩება.

„ჩვენ სრულად მზად ვართ საომარი მოქმედებების განახლებისთვის. ნებისმიერი ახალი აგრესიის წინაშე მტკიცედ ვიდგებით. თუნდაც საქმე აპოკალიფსურ ომამდე მივიდეს. ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვისაც. არჩევანი პრეზიდენტ ტრამპზეა. წინა ომის დროს მას ორი დღის განმავლობაში უპირობო დანებება სურდა. ახლა კი უკვე რვა თვეა, რაც ისინი იბრძვიან და შედეგი არ აქვთ. ახალი აგრესიის შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, იგივე იქნება. ჩვენ ამისთვის სრულად მზად ვართ“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.

ამასთან, დონალდ ტრამპის საჯარო განცხადებების მიუხედავად, არაღჩი აცხადებს, რომ შეთავაზების უარყოფის შესახებ ინფორმაცია ირანისთვის შუამავლების მეშვეობით ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გადაუციათ. მისივე თქმით, თუ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების მიღწევა ნამდვილად სურს, ამის შესაძლებლობა ახლა არსებობს.

„თუ ისინი სერიოზულად ფიქრობენ, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმება სურთ, ახლა ამის შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ შვიდდღიანი გეგმა შევთავაზეთ. გვინდა, მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგან, რისი გაკეთებაც ოთხ-ხუთ დღეში შეუძლიათ. შემდეგ, მეექვსე დღეს, სრუტე გაიხსნება, ხოლო მეშვიდე დღეს საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს განვაახლებთ. მაგიდაზე დევს ძალიან გონივრული გეგმა. თუ ისინი მას ყოველგვარი მიზეზის გარეშე უარყოფენ, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპისგან მოვისმინეთ შეთანხმების უარყოფა, ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ოფიციალურ პასუხს შუამავლების მეშვეობით“, – განაცხადა არაღჩიმ.

ამასთან, მისივე თქმით, ირანი მზად არის, კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ჰორმუზის სრუტე გახსნას, თუმცა, სანაცვლოდ, მას ფულისა და აქტივების გათავისუფლება სურს, რათა ირანმა საკუთარი ნავთობის გაყიდვა შეძლოს.

„უპირველეს ყოვლისა, გვინდა, ეს აგრესიული ომი დასრულდეს. მათ ეს ომი რვა თვის წინ დაიწყეს იმ იმედით, რომ მას ორ-სამ დღეში მოიგებდნენ. ახლა უკვე რვა თვე გავიდა და ჩვენ გვინდა, რომ ის დასრულდეს. გვინდა, ჩვენი ფული და აქტივები, რომლებიც უკანონოდ არის გაყინული, გათავისუფლდეს. გვინდა, რომ ჩვენი ნავთობის გაყიდვის შესაძლებლობა გვქონდეს. ასევე, გვინდა გარკვეული საკითხები, რომლებზეც აშშ-მა უკვე აიღო ვალდებულება წინა შეთანხმებებით“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აბას არაღჩიმ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების შესახებ წარსული გამოცდილებაც გაიხსენა.

„2025 წელს მათ მოლაპარაკებების დაწყება შემოგვთავაზეს (ბირთვულ პროგრამაზე). ჩვენ დავთანხმდით და მოლაპარაკებებში ჩავერთეთ, მაგრამ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას თავს დაგვესხნენ. რვა თვის შემდეგ, 2026 წლის თებერვალში, მათ კვლავ შემოგვთავაზეს მოლაპარაკებები. ჩვენ ისევ დავთანხმდით, მაგრამ ისინი კვლავ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას დაგვესხნენ თავს. ომის შემდეგ კი მათ შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების დაწყება შემოგვთავაზეს. ჩვენ დავთანხმდით. სამი თვის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, თუმცა მათ მიერ თავად ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევას მხოლოდ ორი კვირა დასჭირდა. ამიტომ, თუ ჩვენ გვკითხავთ, არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა დავუბრუნდეთ დიპლომატიას. თუმცა, მე მაინც ვცდილობ დიპლომატიური გზით მოქმედებას, რადგან ვფიქრობ, რომ მშვიდობისთვის არცერთი შესაძლებლობა არ უნდა გავუშვათ ხელიდან“, – განაცხადა არაღჩიმ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ შესაძლოა, ირანზე დაბომბვის განახლება მოითხოვოს, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანს აშშ-ის შუალედური არჩევნები არ აინტერესებს.

„ჩვენ არ გვაინტერესებს აშშ-ის შუალედური არჩევნები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, ისევე როგორც მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევის წინაშე დასადგომად“, – აღნიშნა არაღჩიმ.

გარდა ამისა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის უზენაეს ლიდერზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, წინა უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი უკანონოდ მოკლეს, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ირანი საკუთარ ლიდერს იცავს.

„არსებობს ბევრი მინიშნება, რომ მოჯტაბა ხამენეის ამერიკელების მხრიდან საფრთხე ემუქრება, თუმცა არსებობს სხვა მინიშნებებიც, რომ ის სრულად აკონტროლებს ვითარებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სრული კონტროლი აქვს. ჩვენ მის კომენტარებს, მითითებებსა და მოსაზრებებს ვიღებთ და გადაწყვეტილებების მიღების საკითხზე ქვეყანაში ეროვნული კონსენსუსი არსებობს“, – აღნიშნა არაღჩიმ.

მსგავსი