ანა დოლიძე - დონორების გამოყოფილი თანხები ლევან მურუსიძის მეგობრებთან ყავის სმაში არ უნდა იხარჯებოდეს
ანა დოლიძე - დონორების გამოყოფილი თანხები ლევან მურუსიძის მეგობრებთან ყავის სმაში არ უნდა იხარჯებოდეს

დონორების მიერ გამოყოფილი თანხები ლევან მურუსიძის მეგობრებთან ყავის სმაში არ უნდა იხარჯებოდეს, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაფინანსება ხალხის ინტერესებისთვის უნდა იხარჯებოდეს და არა მსგავსი ფორმატის შეხვედრებისთვის.

„მაღალი თანამდებობის ზოგიერთ პირს ვერ გაუაზრებია, რომ დონორების დაფინანსება უნდა იხარჯებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებისთვის. ეს არ არის რომელიღაც კონკრეტული სახელმწიფო ჩინოვნიკის ფული. ბუნებრივია, როდესაც ის მოხმარდება ლევან მურუსიძის მეგობრებთან ყავის სმას, ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოვხატავთ. სჯობს, გაარემონტონ სასამართლოს შენობები, სკოლები და დააგონ გზები. ყველა შეხვედრა, ყველა აქტივობა, რომელიც ფინანსდება ჩვენი ბიუჯეტიდან თუ დონორების დაფინანსებით, უნდა იყოს შედეგიანი და ემსახურებოდეს ქართველი ხალხის ინტერესებს. გუშინდელი შეხვედრა იყო ყავის სმა ლევან მურუსიძესთან და მის მეგობრებთან. ამაში, ბუნებრივია, არ უნდა დაიხარჯოს ფული, რომელიც საზოგადოებისთვის უკეთესი სასამართლოს შექმნას უნდა მოხმარდეს. სამუშაო ჯგუფი იყო დაკომპლექტებული მოსამართლეებისგან, რომლებიც შავ სიაში იყვნენ. არ იყო წარმოდგენილი საზოგადოების ხმები, იყო დახურული და რაც მთავარია, ჩვენ არ ვიცოდით, რა ხელშესახები შედეგი იქნებოდა. თუ ეს საკითხები გამოსწორდება, ბუნებრივია, მზად ვართ შეხვედრებისთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, გუშინ სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა გაიმართა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს.