„ა“ ლიგის ფინალში „მეგა“ და „კავკასია“ ითამაშებენ #1TVSPORT
„ა“ ლიგის ფინალში „მეგა“ და „კავკასია“ ითამაშებენ #1TVSPORT

„ა“ ლიგის მოსაგებად ერთმანეთს „მეგა“ და „კავკასია“ შეხვდებიან. ფინალური სერია 3 მოგებამდე იქნება და გამარჯვებული მიიღებს 2021-2022 წლების სუპერლიგის საგზურს.

მეგამ“ სერიაში 2:1 დაამარცხა „ორბი“, ხოლო „კავკასიამ“ ასეთივე ანგარიშით სძლია „ზესტაფონს“.

 

გუგა პატარაიასა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტ მატჩში 95:84 დაამარცხა „ორბი“ და სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტ რაუნდში გავიდა. 

სერიის მესამე შეხვედრა დაძაბული, ემოციური და სანახაობრივი გამოვიდა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი ორბელები დებიუტში ჩინებულად ირჯებოდნენ, სწრაფ შეტევებსაც წარმატებით ახორციელებდნენ და შორ თუ საშუალო სროლებსაც აგდებდნენ. შედეგად, ტომარაძის გუნდის უპირატესობამ პირველი პერიოდის მიწურულს 7 ქულას მიაღწია (27:20), თუმცა „მეგას“ მისმა ლეგიონერებმა უშველეს. დიდებული მიზანი გამოავლინა ჯერმეინ მეროუმ, რომელმაც ზუსტი სამქულიანებით ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მეორე პერიოდიდან კი „მეგას“ ლიდერობა დაუბევა.

მეროუს ფეხი კარგად აუბა აშტონ ფრენსისმა, ხოლო დაცვაში დიდ სამუშაოს ასრულებდა კიდევ ერთი ამერიკელი – ტრევონდ ბარნსი. მეორე პერიოდი „მეგამ“ 34:13 მოიგო და დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით გავიდა. 15-წუთიანი დასვენება კარგად გამოიყენეს ორბელებმა, რომლებმაც მოედანზე დაბრუნებისთანავე დაიწყეს ჩამორჩენის აღმოფხვრა, თუმცა კარგად დაწყებული საქმე „მეგამ“ მედგარი დაცვით გააჩერა.

ჯორდან უოკერის, დიაგო ქუინისა და ლევან ლოლიშვილის შედეგიანობით „ორბმა“ ჩამორჩენა 10 ქულას ჩამოაცილა, მაგრამ საკვანძო მომენტში აღარ გაუმართლა. ბოლო პერიოდის შუაწელში, როცა „მეგა“ 6 ქულას იგებდა, „ორბის“ უკანახაზელი ნიკა ლეონიძე სწრაფ შეტევაში წავიდა, რომელსაც რომ ჩაეგდო, ჩამორჩენას 4 ქულამდე შეამცირებდა, თუმცა მას ფრენსისმა დაუფარა და საპასუხო შეტევაში მეროუმ სამქულიანით „მეგას“ 9-ქულიანი ლიდერობა მოუტანა.

დარჩენილ დროში „ორბი“ ბევრს ეცადა, მაგრამ ვითარების დაძაბვა ვერ მოახერხა.

გამარჯვებულებს 38 ქულით ჯერმეინ მეროუმ ულიდერა. 24 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი ასტონ ფრენსისმა მიითვალა. ლუკა გიორგაძემ ფინალისტებს 12 ქულა მიაშველა. „ორბის“ შემადგენლობაში 31 ქულით ჯორდან უოკერი გამოირჩა. დიაგო ქუინმა 14 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. ლევან ლოლიშვილის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.

 

ბექა წივწივაძისა და კოკა ტომარაძის გაწვრთნილმა „კავკასიამ“ გადამწყვეტ ნახევარფინალურ მატჩში დამაჯერებლად – 81:66 დაამარცხა „ზესტაფონი“.

ზესტაფონელები მხოლოდ სადებიუტო წუთებში, მცირე დროით ლიდერობდნენ. შეხვედრის მე-8 წუთზე ელიოტ კოულის სამქულიანით წინ რომ გავიდა, მას შემდეგ „კავკასიას“ არც ლიდერობა დაუკარგავს და არც შემართება. პირველი პერიოდი კავკასიელებმა 23:13 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი ლიდერობა 22 ქულამდე გაზარდეს. მატჩის ბედიც ფაქტობრივად აქ გაირკვა.

გამარჯვებულ კავკასიელებს ელიოტ კოულიმ ულიდერა, რომელმაც 24 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 14 ქულა და 13 მოხსნა შენონ ფაულერმა ჩაიწერა. 15 ქულა მარკიზ მეიფილდის ანგარიშზე დაგროვდა.

ფინალური სერია „მეგასა“ და „კავკასიას“ შორის 22 აპრილს დაიწყება. სერიის ყველა მატჩი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. შეხვედრები 22, 23 და 25 აპრილს შედგება და ყველა 14:30 საათზე დაიწყება. მოგეხსენებათ, ფინალური სერია 3 მოგებამდე გრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, სერიის მე-4 და მე-5 მატჩები 26 და 28 აპრილს გაიმართება.

gbf.ge