A ლიგის ფინალში „გრიფინი“ და „ლიბერთი“ შეხვდებიან #1TVSPORT
„ა“ ლიგის ფინალში ერთმანეთს კასპის „გრიფინი“ და თბილისის „ლიბერთი“ დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდმა ნახევარფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩები მოიგო და ფინალურ სერიაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც სუპერლიგის საგზური თამაშდება.
კასპის „გრიფინი“ ფინალში ზედიზედ მეორედაა. გიორგი სიმონიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შარშანდელი ფინალი „რუსთავთან“ წააგო. მოთამაშეთა კარგი სელექციის ხარჯზე კასპელები ზედიზედ მეორედ გავიდნენ ფინალში იმის მიუხედავად, რომ სეზონის დაწყებიდან მალევე ამერიკელი გრეგორი ჰამონდი დაკარგეს, ხოლო რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს კიდევ ერთმა ლეგიონერმა, კამანი დაუთიმ მიიღო ამ სეზონში მოუშუშებელი ტრავმა.
„გრიფინმა“ ნახევარფინალური სერიის პირველი და მესამე მატჩები, რომელიც შინაურ არენაზე ჩაატარა, დამაჯერებლად მოიგო, ხოლო მეორე მატჩი, გასვლაზე, უშანსოდ დათმო. მეტოქედ ახალგაზრდული „ვინგსი“ ჰყავდა, რომელსაც დაუვიწყარი სეზონი ჰქონდა. ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილი გუნდი ასაკობრივი გუნდის ბაზაზე შეიქმნა – ახალგაზრდებს დაემატნენ ამერიკელი ლეგიონერები და „ვინგსმა“ ჯერ საკვალიფიკაციოდან „ა“ ლიგის საგზური მოიპოვა, შემდეგ კი პლეიოფში გავიდა და კასპელებს სერიაში ერთი თამაშიც მოუგო.
მეტისთვის „ვინგსს“ ძალა აღარ ეყო. „გრიფინი“ სერიის გადამწყვეტ მატჩში უფრო სოლიდურად და დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მართალია, თავიდან 10 ქულით ჩამორჩა, მაგრამ ვითარება მეორე პერიოდშივე გამოასწორა და დიდ შესვენებას უკვე ლიდერის ამპლუაში შეხვდა. მეორე ნახევარში კასპელებს მოპოვებული უპირატესობა აღარ დაუთმიათ და შეხვედრის 84:76 მოგებით ფინალური სერიის საგზური მოიპოვეს.
კასპელებს ალექს მეთიუსმა ულიდერა, რომელიც შეუჩერებელი იყო. მის ანგარიშზე 27 ქულა და 12 პასი დაგროვდა, 21 ქულა და 7 მოხსნა დანიელ რენსომმა მიითვალა. ვახტანგ გოგბერაშვილი მასპინძლებს 16 ქულით, 8 მოხსნითა და 3 პასით შეეხიდა. „ვინგსში“ ჯერემაია ჯონსი 18 ქულით გამოირჩა. აბდულა შიტუმ 13 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ირაკლი ახალაიას ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა.
ასე და ამგვარად, „გრიფინი“ ფინალში გავიდა და სერიას უკვე 2 აპრილს დაიწყებს. მისი მეტოქე ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი „ლიბერთი“ იქნება, რომელმაც უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა „თბილისი არენაზე“, სადაც გულშემატკივართა უმეტესობა მის მეტოქეს, „ბლექ ფორტრესს“ ქომაგობდა და დარბაზში შექმნილი ატმოსფეროც ნომინალური მასპინძელი გუნდის წისქვილზე ასხამდა წყალს.
ატმოსფერო „ბლექ ფორტრესის“ მენეჯმენტის შექმნილი იყო, რომელიც მთელი სეზონი ზრუნავდა მატჩების შოუს ელემენტებით გაფორმებაზე და ამ ყველაფრის პიკი საპლეიოფო სერიის მატჩები გამოდგა. გუნდს თანამედროვე კალათბურთში არსებული ყველანაირი სახის მხარდამჭერი კომპონენტი უმაგრებდა ზურგს – მასკოტი, ჩირლიდერთა გუნდი, მოწვეული წამყვანი და, რაც მთავარია, მაყურებლები.
ამ აქტივობამ „ბლექ ფორტრესის“ ყველა, განსაკუთრებით კი ნახევარფინალური სერიის მატჩებს დიდებული მუხტი შესძინა, თუმცა შოუ და მარკეტინგი ერთია და სპორტული – მხარე მეორე და ალბათ უფრო მნიშვნელოვანი. გაიმარჯვა გუნდმა, რომელიც კონკრეტული, გადამწყვეტი მატჩებისთვის უფრო მობილიზებული, ფიზიკურად და მენტალურად უკეთ მომზადებული აღმოჩნდა. „ლიბერთიმ“ რეგულარული ჩემპიონატი „ბლექ ფორტრესის“ ქვემოთ დაამთავრა, თუმცა ნახევარფინალურ სერიაში აჯობა და ფინალში გავიდა.
მართალია, ყველაფერი ერთმა ბურთმა, კონკრეტულმა შეტევამ გადაწყვიტა, მაგრამ მოგებულებს არ ასამართლებენ და ყველამ იცის, რომ პლეიოფში ერთი ქულით გამარჯვებაც გამარჯვებაა და 21 ქულითაც. „ბლექ ფორტრესმა“ კი მართლაც ბოლომდე იბრძოლა. სერიის მეორე, 29 აპრილს გამართულ შეხვედრაში თითქმის 20-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და დრამატულ ფინალში იმარჯვა: წინა შეხვედრაშიც ყველაფერი ერთმა შეტევამ გადაწყვიტა, რომელიც „ლიბერთიმ“ ბოლო წამებზე ვერ გამოიყენა და დამარცხდა.
ამჯერად ანალოგიური შეემთხვა „ბლექ ფორტრესს“, რომელიც ქულით აგებდა და ბოლო შეტევა ჰქონდა. საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე ტროი საიმონსს რომ ორქულიანი ჩაეგდო, ალბათ „ბლექ ფორტრესი“ შეხვედრას აღარ დათმობდა, თუმცა ააცილა და… ამ ეპიზოდამდე იყო „ლიბერთის“ გოლიათი ცენტრის, რაჰიმ ჯონსონის დიდებული კაუჭა სროლა, რომლითაც საფინალო სირენამდე 27 წამით ადრე თავისი გუნდი 73:72 დააწინაურა.
ყველაფრის მიუხედავად, „ბლექ ფორტრესს“ თამაშის გადარჩენა შეეძლო, როცა ბოლო 4 წამში კევონ ვოილსმა ფორტრესელთათვის ტაქტიკური ჯარიმებით ბოძებული 4 სროლიდან 2 ააცილა. ბოლო აცილებულის შემდეგ „ფორტრესმა“ 3.2 წამში მოახერხა მოხსნა, ბურთის სამქულიან ნიშნულამდე მიტანა, თუმცა საიმონსის გამთანაბრებელ სამქულიანს ჯონსონმა ტრაექტორია შეუცვალა და… 75:72 „ლიბერთის“ სასარგებლოდ.
gbf.ge