99 პროცენტი ერთის წინააღმდეგ - „ვესტ ჰემის“ ფანები კვარაცხელიას ტრანსფერს ემხრობიან #1TVSPORT
99 პროცენტი ერთის წინააღმდეგ - „ვესტ ჰემის“ ფანები კვარაცხელიას ტრანსფერს ემხრობიან #1TVSPORT

„ვესტ ჰემის“ ფან-კლუბის ვებგვერდმა, readwestham-მა კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე და ამ გარიგების რეალობა და მიზანშეწონილობა შეაფასა.

„ვესტ ჰემის ვერდიქტი“ – ასეა დასათაურებული საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე გაკეთებული შეფასება, სადაც ვკითხულობთ:

„16,2 მილიონ ფუნტად შეფასებული და 2024 წლამდე ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტით დაკავშირებული კვარაცხელიას ჩამოყვანას, სავარაუდოდ, ზამთრის ბიუჯეტის დიდი ნაწილი დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად ნიჭიერია და სხვადასხვა შემტევ პოზიციებზე თამაში შეუძლია, ქართველის დამატება ამჟამად პრიორიტეტთა სიაში არ უნდა იყოს“, – ამტკიცებს readwestham.

„ვესტ ჰემის“ გულშემატკივართა კლუბი გუნდის მწვრთნელს აქცენტის გაკეთებას სხვა ამპლუის ფეხბურთელის შეძენაზე ურჩევს:

„ამის ნაცვლად, დევიდ მოიესმა ყურადღება უნდა გაამახვილოს სხვა რგოლების გაძლიერებაზე, რათა შეინარჩუნოს ის შედეგი (18 ტურის შემდეგ ლონდონელები მე-5 ადგილზე არიან), რაც სეზონის ძლიერი პირველი ნახევრის შედეგად მიაღწიეს“. თუმცა ამ რჩევას გუნდის გულშემატკივრების დიდი ნაწილი არ დაეთანხმა. readwestham-ზე ჩატარდა გამოკითხვა იმის დასადგენად, რა პოზიცია აქვთ ქომაგებს ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე და კითხვას დადებითად გამოკითხულთა 99 პროცენტმა უპასუხა.