99 მატჩი საქართველოს ნაკრებში - საბერძნეთთან შეხვედრა ჯაბა კანკავასთვის საიუბილეოა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა 9 ოქტომბერს ბათუმის ახალ არენაზე საბერძნეთთან ჯაბა კანკავასთვის საიუბილეო მატჩი იქნება. საქართველოს ნაკრების ფორმით ეროვნული გუნდის კაპიტანი მე-100 მატჩს ჩაატარებს, თუმცა შეკითხვები საერთაშორისო სტატისტიკამ გააჩინა და განსხვავებული ცნობებია, რამდენჯერ ითამაშა კანკავამ „ჯვაროსნების“ ფორმით. ქართულ „ვიკიპედიაში“ 94 მატჩი წერია, ინგლისურზე – 96 მატჩი, რუსულზე – 99.

გარდა ამისა, სიზუსტითა და სტატისტიკური აღრიცხვითაა ცნობილი საერთაშორისო ცნობარი „სოკერვეი“, რომელიც 98 მატჩს ასახელებს. ბუნებრივია, ჩვენ ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის მონაცემებით ვისარგებლეთ, სადაც 99 მატჩია დათვლილი.

ჯაბა კანკავას სტატისტიკაში ამ შეუსაბამობაზე განმარტება საქართველოს პირველ არხთან ცნობილმა სტატისტიკოსმა, დავით ჭინჭარაულმა გააკეთა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კანკავამ მართლაც 99 მატჩი ჩაატარა.

„მატჩი, რომელსაც ზოგიერთი საერთაშორისო ვებგვერდი კანკავას ართმევს, 2013 წლის 6 თებერვალს ტირანაში ჩატარდა. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი 1:2 დაამარცხა. ჯაბა კანკავამ ეს მატჩი ითამაშა და არ ჩაუთვალეს. საქმე ისაა, რომ უეფა ამხანაგურ მატჩებში 6 შეცვლის უფლებას რთავს, ამ მატჩში კი ალბანეთმა 8 შეცვლის უფლება გამოიყენა, ხოლო თემურ ქეცბაიამ 7 შეცვლა განახორციელა. უეფამ ამ მატჩის მთელი სტატისტიკა ამოიღო, თორემ კანკავამ რეალურად მართლა 99 მატჩი ჩაატარა“, – ამბობს დავით ჭინჭარაული.

ჯაბა კანკავა ამ შეხვედრაში მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე გია გრიგალავას ნაცვლად. ის 17 ნომრით თამაშობდა და ყვითელი ბარათი მიიღო.


ალბანეთი – საქართველო 1:2


2013 წელი. 6 თებერვალი. ტირანა. სტადიონი „ქემალ სტაფა“.

გოლები: 1:0 ერიონ ბოგდანი (26), 1:1 მათე ვაწაძე (40. ლევან ყენიას პასით), 1:2 უჩა ლობჟანიძე (82. თორნიკე ოქრიაშვილის პასით)

ალბანეთი: ბერიშა (უიკანი 45), ლილა, ოსმანი (ვაიუში 45), ჩანა, ცური, აგოლი (არაპი 73), ბულკუ (მუზაკა 89), ვილა (ჰუსაი 61), ბაკაი (სადიკუ 55), როში (გ.ლიკა 76), ბოგდანი (ბალა 66)

მთავარი მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი (იტალია)

საქართველო: როინ კვასხვაძე, ლობჟანიძე, გრიგალავა (კანკავა 46), კაშია, კანდელაკი (კვირკველია 46), ხიზანიშვილი, ს. კობახიძე (ძარია 63), ძალამიძე (ოქრიაშვილი 46), თარგამაძე, ყენია (გელაშვილი 60), მჭედლიძე (ვაწაძე 20 (თომაშვილი 78)

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

მსაჯი: დიმიტარ ნაკაროვსკი (ჩრდილოეთ მაკედონია).

გაფრთხილებები: ბულკუ, კანკავა.