ეკა წივწივაძე და მისი ევროპა-შუა აზიის ნაკრები „ჯუნიორ ნბა“-ს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა
ეკა წივწივაძე და მისი ევროპა-შუა აზიის ნაკრები „ჯუნიორ ნბა“-ს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

ეკა წივწივაძე და მისი ევროპა-შუა აზიის ნაკრები „ჯუნიორ ნბა“-ს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. ევროპისა და შუა აზიის გაერთიანებულმა ნაკრებმა პლეი ოფის პირველ წრეში მექსიკის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში – 52:46 სძლია. ეს გახლდათ ქართველი კალათბურთელის ყველაზე შედეგიანი მატჩი ტურნირზე. წივწივაძემ არასრულ 10 წუთში ოთხი ქულა და ორი მოხსნა მოაგროვა.

მატჩის პირველი პერიოდი მექსიკელებმა 16:11 მოიგეს, მეორეში კი ევროშუააზიელებმა იძალეს და პერიოდის 21:4 მოგებით დიდ შესვენებაზე ერთქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მექსიკელი გოგონები არ გატყდნენ და მესამე პერიოდი 13:5 მოიგეს. ბოლო მეოთხედში ბრძოლა გაჩაღდა, მექსიკელებმა მოსაგებად გაიწიეს, მაგრამ საბოლოოდ ვერას გახდნენ და გამარჯვება უფრო გუნდურად მოთამაშე ევროპა-შუა აზიის ნაკრებს დარჩა.

ეკამ სამიდან ერთი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამიანი კი ააცილა. ქართველ გოგონას პასივში ერთი ჯარიმა და სამი დაკარგვა ჰქონდა. საუკეთესო კი ლიეტუველი უგნე სირტაუტაიტე გახდა, რომელმაც 10 ქულა და ხუთ მოხსნა მიითვალა.

წივწივაძის გუნდი მეოთხედფინალში კანადის მძლავრ ნაკრებს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ინდოეთი 65:26 გაანადგურა. მსოფლიოს კონფერენციის ბადეში კიდევ ორი მეოთხედფინალური შეხვედრა ასე დასრულდა: ლათინური ამერიკა – აზია-პასიფიკი 47:41 და ჩინეთი – აფრიკა 39:29. ამერიკის კონფერენციის ნახევარფინალში კი ეს წყვილები შეხვდებიან: ცენტრალი – შუაატლანტიკა, ჩრდილოდასავლეთი – დასავლეთი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ქალაქ ორლანდოში „ჯუნიორ ნბა“-ს მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც 16 გოგონათა და 16 ვაჟთა ნაკრები შეიკრიბა. ფინალამდე ცალკე მიმდინარეობს ამერიკის რეგიონების და ცალკე დანარჩენი მსოფლიოს რეგიონების თამაშები. ფინალურ მატჩში ბადის ორივე მხარი გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან: ანუ ამერიკის საუკეთესო რეგიონის გუნდი დანარჩენი მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებს შეხვდება.

ფინალური მატჩი 11 აგვისტოს (ჩვენი დროით 12 აგვისტოს გამთენიისას) გაიმართება.

წყარო – საქართველოს კალათბურთის ფედერაცია