83 წლის ასაკში „ინტერის“ ლეგენდა სანდრო მაცოლა გარდაიცვალა #1TVSPORT

04:30, 19.09.2026

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი სანდრო მაცოლა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გარემოებები ცნობილი არ არის.

„საფეხბურთო კლუბი „ინტერი“, მისი ხელმძღვანელობა, მთავარი მწვრთნელი კრისტიან კივუ, ფეხბურთელები და ყველა თანამშრომელი ღრმა მწუხარებით განიცდის „ნერაძურისა“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის სანდრო მაცოლას დაკარგვას. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს. სანდრო მაცოლა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი იყო. ის „ინტერის“ ისტორიის ნაწილი გახლდათ. კლუბში ჯერ კიდევ ბავშვობაში მოვიდა და მას შემდეგ არასოდეს მიუტოვებია“, – წერია „ინტერის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

მთელი პროფესიული კარიერა (1961-1977) შემტევმა ნახევარმცველმა მილანის „ინტერის“ შემადგენლობაში გაატარა. 17 წლის განმავლობაში მან ოთხჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ორჯერ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონთა თასზე და ორჯერ მოიპოვა საკონტინენტთაშორისო თასი. მაცოლამ „ინტერის“ მაისურით 567 მატჩი ჩაატარა, 162 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მაცოლა 1968 წელს ევროპის ჩემპიონი და 1970 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ნაკრებში ჩატარებულ 70 შეხვედრაში მან 22 გოლი გაიტანა.

მსგავსი