7x7 ფეხბურთი - ფეხბურთის ფედერაცია ახალი პროექტით მასობრიობის გაზრდას იმედოვნებს
7x7 ფეხბურთი - ფეხბურთის ფედერაცია ახალი პროექტით მასობრიობის გაზრდას იმედოვნებს
დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა – 7×7 ფეხბურთის ასოციაციამ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ორი ახალი პროექტი პროექტი წარმოადგინა – მასტერ ლიგისა და მასტერ ქაფის, რომელთა მიზანი ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ პროექტში საქართველოს 11 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტია ჩართული: თბილისის მასტერ ლიგაში 20 საფეხბურთო გუნდი ითამაშებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით – 212 გუნდი. ღონისძიების ფარგლებში თბილისის მასტერ ლიგის წილისყრა გაიმართა.
7×7 ფეხბურთის ასოციაციის პროექტები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდება.
დავით მუჯირი, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი:
„ახალი პროექტი ფეხბურთის მასობრიობას შეუწყობს ხელს. ტურნირებში 3 ათასამდე მოთამაშე ჩაერთვება, მომავალ წელს კი მათი რაოდენობის 5 ათასამდე გაზრდის იმედი გვაქვს. პროექტს ფეხბურთის ფედერაცია მხარს ვუჭერთ და ტურნირზე საკუთარ გუნდსაც გამოვიყვანთ“.
ზაზა დოლიძე, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი:
„ძალიან გვიხარია, რომ სამოყვარულო ფეხბურთში ასეთი აქტიურობაა, რაც ფეხბურთის პოპულარობას უწყობს ხელს. ტრადიციულად, მსგავს პროექტებს ფინანსურად მხარს დავუჭერთ. ამ პროექტის ინიციატორებს, ასევე ფეხბურთის ფედერაციას და თბილისის მერიას ასეთი პროექტისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ“.
აქვე ვიტყვით, რომ 7×7 ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი აკაკი ხლაბუსტოვია, ხოლო დამფუძნებლები – ლაშა ჩალაძე და ლაშა ჭეიშვილი, რომლებმაც 2015 წელს სამოყვარულო ლიგის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს.
ლაშა ჩალაძე, 7×7 ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი:
„თბილისის ერია თბილისის ლიგის მონაწილე ოცივე გუნდს ფორმებით დაეხმარება. იმდენად დიიდ ინტერესი გაჩნდა, რომ საპილოტე პროგრამაში ყველა მსურველი ვერ ჩაერთო. რეგიონების გამარჯვებულები ჩემპიონს ფინალურ ეტაპზე გაარკვევენ. სამომავლოდ იქნება ოთხი ლიგა, გუნდების რაოდენობა კი, ჩვენი ვარაუდით, 280-300-მდე გაიზრდება“.