რომელუ ლუკაკუ შესაძლოა იტალიაში გადავიდეს
რომელუ ლუკაკუ შესაძლოა იტალიაში გადავიდეს

რომელუ ლუკაკუს აგენტი აცხადებს, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი საკუთარ მომავალს სეზონის დასრულების შემდეგ გააანალიზებს და შესაძლოა, იტალიის რომელიმე გუნდში გადავიდეს. 25 წლის ბელგიელი ინგლისურ გრანდში 2017 წელს ევერტონიდან გადავიდა და წითელმა ეშმაკებმა მასში 75 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს. მას შემდეგ ლუკაკუმ, ყველა ტურნირში ერთად, 90 მატჩი ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა.

ფეხბურთელის აგენტ ფედერიკო პასტორელოს თქმით, ლუკაკუ შესაძლებლად მიიჩნევს სხვა ლიგაში გადასვლას.

„ამ კონკრეტულ მომენტში ის სეზონის დასრულებაზეა ფოკუსირებული“, – უთხრა პასტორელომ სკაი სპორტს, – „მესამე და მეოთხე ადგილებისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბულია და ვნახოთ, რა მოხდება ბოლოს. ის უკვე ორი წელია, რაც აქ თამაშობს და, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სიამოვნებით ეზიარებოდა განსხვავებულ კულტურასა და ფეხბურთს. გარდა ამისა, მას ტიტულების მოგება სურს“.

ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის პერიოდში, ლუკაკუ გუნდის მთავარი ცენტრალური ფორვარდი იყო, თუმცა, ოლე გუნარ სოლსკიაერის მისვლის შემდეგ, ამ როლს ის ზოგჯერ მარკუს რაშფორდს უთმობს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მანჩესტერ იუნაიტედს 61 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზე იმყოფება, თუმცა მესამეზე მყოფ ტოტენჰემს სულ რაღაც სამი ქულით ჩამორჩება. მეოთხეზე და მეხუთეზე, 63-63 ქულით, არსენალი და ჩელსი არიან.