საუთჰემპტონის მწვრთნელმა თავის ფეხბურთელებს უსადენო ინტერნეტი დაუბლოკა
საუთჰემპტონის მწვრთნელმა თავის ფეხბურთელებს უსადენო ინტერნეტი დაუბლოკა

საუთჰემპტონის მთავარმა მწვრთნელმა რალფ ჰაზენჰუტლმა, იმ სასტუმროში, სადაც მისი გუნდია დაბინავებული, უსადენო ინტერნეტის ქსელი (wi-fi) დაბლოკა, რათა ფეხბურთელები ვიდეოთამაშებით არ გაერთონ. ჰაზენჰუტლი აცხადებს, რომ მსგავსი პრობლემები მას ყოფილ კლუბში, ლაიპციგშიც ჰქონდა.

კომპიუტერულ თამაშებს ავსტრიელი სპეციალისტი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს ადარებს.

„ეს მიჩვევას იწვევს და მერე თავს ვეღარ ანებებ. მე ვთვლი, რომ ჩემი ფეხბურთელები უნდა დავიცვა“, – ამბობს 51 წლის ჰაზენჰუტლი.

გასულ კვირას, ერთ-ერთმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ანონიმურად განაცხადა, რომ კომპიუტერულ თამაშ ფორტნაიტს (Fortnite) დღეში 13 საათის განმავლობაში თამაშობს, რაც მის საფეხბურთო კარიერას სერიოზულად ემუქრება.

„ეს ისეთი რამ არის, რასაც უნდა ებრძოლო და სწორედ ამას ვაკეთებ“, – ამბობს ჰაზენჰუტლი, რომლის გუნდი პრემიერ-ლიგის უახლოეს მატჩს ბრაიტონში გამართავს.